19, თებერვალი 2021 21:45:00
რა მდგომარეობაშია ქართული ეკონომიკა? პანდმიის შედეგად დაზარებულ დარგს ახლა უკვე პოლიტიკური კრიზისი დააწვა. ეკონომისტები სიტუაციების კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებენ, ხოლო ბიზნესმენები ჩიხიდან გამოსავლის ძიებაში არიან. აქვს თუ არა გადარჩენის და გამოცოცხლების შანსი ქართულ ეკონომიკას?
გაზრდილი უმუშევრობა, შემცირებული შემოსავლები, ეკონომიკის 6%-იანი ვარდნა და პანდემია - არაერთ გამოწვევასთან ერთად, ისედაც დაზარალებულ ბიზნესს დღეს პრობლემებს კიდევ ერთი გარემოება - ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი უქმნის. ამაზე თავად ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებიც ღიად საუბრობენ. შიშობენ, რომ პოლიტიკური დისბალანსი, ინვესტიციების შემოდინებას დიდ საფრთხეს შეუქმნის.
მთავარი საფრთხე, რასაც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების გათვალისწინებით ეკონომისტები ხედავენ, ეს უპროგნოზო ბიზნეს გარემოა. ნოდარ სირბილაძე ამბობს, რომ მოცემულობაში, როცა მინისტრები იცვლებიან და რიგგარეშე არჩევნების თეორიული ალბათობა მაინც არსებობს, ბიზნესს, გრძელვადიანი გათვლების წარმოება არ შეუძლია, ეს კი უკვე დაბრკოლებაა.
ვინაიდან, დღესდღეობით, ქვეყანაში, დამატებითი ფულის ჩასადებად ხელსაყრელი პირობები არ არის, ეკონომიკური ნიშნულები კი ქვემოთ იწევს, სპეციალისტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ყურადღება ახლა მხოლოდ ეკონომიკის სწრაფად აღდგენისკენ უნდა იყოს მიმართული. გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ პოლიტიკური პროცესების დასტაბილურებით მიიღწევა.
რა იქნება დღევანდელი ქართული ეკონომიკისთვის საუკეთესო გამოსავალი, ეს ბიზნესმენებმაც კარგად იციან და ეკონომისტებმაც, თუმცა პროგნოზი სხვაგვარი აქვთ. აქვთ მოლოდინი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები კიდევ უფრო დამძიმდება, რასაც ავტომატურად მოჰყვება ეკონომიკის გაუარესება.