23, თებერვალი 2021 21:25:00
მელია დააპატიმრეს და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება. ღარიბაშვილის მთავრობამ არც საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებები გაითვალისწინა და არც ოპოზიციას მოუსმინა. ეს უკანასკნელი მოვლენების ამგვარ განვითარებას თავიდანვე პროგნოზირებდა და დღესაც იმეორებს, რომ სკამების შესანარჩუნებლად „ქართული ოცნება“ მას დევნის, ამით კი ნატოსკენ მიმავალ გზაზე ქვეყანას უკან ხევს. ოპოზიცია თანხმდება, რომ ახლა ერთადერთი გამოსავალი ხელახალი არჩვენებია.
ამ ნაბიჯებით მალე დასრულდებით - ასე ეხმაურებიან ნიკა მელიას დაპატიმრების ფაქტს თანაგუნდელები. "ნაციონალურ მოძრაობაში" უკან დახევას და ლიდერის ციხეში დატოვებას არ აპირებენ. ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყანას, ევროატლანტიკურ მომავალს მიზანმიმართულად ართმევს.
მომხდარს, პოლიტიკურ დევნად აფასებენ პარტიაში „ლელო საქართველოსთვის“. ამბობენ, რომ გზას, რომელსაც ხელისუფლება დაადგა, უპასუხოდ არ დარჩება. ხელისუფლების ოპონენტები, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას მოკლე ვადაში პროგნოზირებენ.
ფსევდოდიქტატურის დამყარების მცდელობა - ასე აფასებენ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკას „სტრატეგია აღმაშენებელში“. სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მოლაპარაკებისთვის სივრცე აღარ არის და ეს ახლა მხოლოდ პოლიტიკური დევნის შეწყვეტით მიიღება.
„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ ისევე, როგორც ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება, მისი სისრულეში მომყვანის ფორმაც კანონიერია. დავით ბაციკაძე ამბობს, რომ შერჩევით სამართალზე საუბარი უადგილოა, რადგან კანონი აღსრულდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავებას მიხეილ სააკაშვილიც გამოეხმაურა. წერს, რომ "ქართული ოცნების“ გეგმაა, საქართველოსგან აღარაფერი დარჩეს. ყოფილი პრეზიდენტი შეფასებით, სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი, გამარჯვებამდე ბრძოლაა.