ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მედია პლურალიზმის თვალსაზრისით, საქართველოში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა. ჟურნალისტებზე ზეწოლისა და ძალადობის ფაქტები მომრავლდა. ამის ნათელი მაგალითი 2 დღის წინ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვანზე განხორციელებული თავდასხმაა, რისი მოტივიც პროფესიული საქმიანობის განხორციელება გახდა. ჟურნალისტთა უფლებადარღვევების არასათანადო კვალიფიკაცია და გამოძიება, მედიის მდგომარეობის შეფასებისას, ერთ-ერთ მთავარ პრობლემადაა დასახელებული სახალხო დამცველის წლიურ ანგარიშებშიც. სამართალდამცავმა ორგანოებმა, მომხდარი ფაქტები რომ მყისიერად უნდა გამოიძიონ და მათზე სათანადო რეაგირება მოახდინონ, საუბრობენ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც. ნებიესმიერ შემთხვევაში ალბათ, მთავარი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. პოლიტიკურმა პარტიებმა სათანადოდ უნდა გაიაზრონ მედიის როლი და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა არ წაახალისონ.
ეს ბოლო ერთი წლის არქივია. მსგავსი მესიჯბოქსით ხელისუფლება მხოლოდ კრიტიკული მედიის მიმართ გამოირჩევა. „ქართული ოცნება“ რიტორიკა აჭარაშიც უცვლელია.
ამ აგრესიის ადრესატს ეს რიტორიკა არ უკვირს. ამბობს, რომ მმართველი ძალის მხრიდან რეპორტიორების მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება და ძალადობაზე წაქეზება არახალია. ინტერნეტგამოცემა „ბათუმელების“ ჟურნალისტი გვარწმუნებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დისკომფორტს კრიტიკული კითხვები უქმნის.
მსგავსი დამოკიდებულებით ხელისუფლება, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმასა და ძალადობას ახალისებს, ამაზე ღიად TV 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც საუბრობს. სულხან მესხიძეს მუქარის შემცველ წერილებს ერთ-ერთი საჯარო საბავშვო ბაღის გამგე უგზავნიდა, რომელიც სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდა. ზეწოლის ადრესატი იყო ჟურნალისტის მეუღლეც. მესხიძემ მაშინ საგამოძიებო ორგანოსაც მიმართა, თუმცა შედეგი ამ დრომდე არ დადებულა.
მედიის კიდევ ერთი წარმომადგენელი, რომლის ოჯახის წევრს მისი პროფესიული საქმიანობის გამო ,თავს დაესხნენ, TV პირველის დირექტორია. ვატო წერეთელი ამბობს, რომ ვახო სანაიაზე თავდასხმაც იმ პროპაგანდის შედეგია, რომელსაც მმართველი გუნდი კრიტიკული მედიის მიმართ ახორციელებს.
ვახო სანაიაზე თავდასხმა არ გაკვირვებია აჭარის რადიოს საინფორმაციო გამოშვების წამყვანს. თეონა თურმანიძე ამბობს, რომ მედიაზე ზეწოლა და თავდასხმის წახალისება ქ“ართული ოცნების“ მმართველობის სტილია.
მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლის, დაშინებისა და ძალადობის ნათელი დადასტურებაა 2019 წლის 20-21 ივნისის ფაქტები თბილისში. რუსთაველის გამზირზე მაშინ საპროტესტო აქციის დარბევის დროს 40-მდე ჟურნალისტი, ოპერატორი და ფოტოჟურნალისტი დაშავდა. საქმე დღემდე გამოუძიებელია. რეპორტიორებს კი დაზარალებულის სტატუსი დღემდე არ მინიჭებიათ. სამი მათგანი სამართლიანობისთვის ბრძოლას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აგრძელებს.