05, მარტი 2021 22:10:00
ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე ამ ობიექტში, რომელიც საწყობად გამოიყენებოდა, ორ დღეში გრანდიოზული წვეულების გამართვა იგეგემება. ორგანიზატორები ეპატიჟებიან ყველას, ვისაც ელექტრონული მუსიკა უყვარს. სტუმრების განწყობაზე გერმანელი დიჯეი იზრუნებს. ივენთის შესახებ, ინფორმაციას სოციალური ქსელით გაავრცელეს. დეტალების გასარკვევად, ჩვენ, ადგილზე მივედით. აქ გვითხრა, რომ ღონისძიება კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდება.
ადგილზე მიღებული ინფორმაცია ძალიან განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რაც მანამდე სატელეფონო საუბრისას გვითხრეს. სინამდვილეში აქ გაცილებით მეტ სტუმარს ელოდებიან. ირკვევა, რომ კომენდანტის საათის ამოქმედების დროისთვის კარი უკვე დაკეტილი იქნება, შენობიდან კი დილის ხუთსაათამდე გარეთ მხოლოდ ის სტუმარი შეძლებს გამოსვლას ვისაც საშვი ექნება.
7 მარტს, აეროპორტის დასახლებაში დაგეგმილ წვეულებას ქალაქში ბევრი ელოდება. დეტალები სოციალური ქსელის დახურულ ჯგუფში იწერება, სადაც ღონისძიების ამსახველი ვიდეოებიც იტვირთება. კლუბური მუსიკის მოყვარულებისთვის, საღამოები პანდემიის პერიოდში კიდევ რამდენჯერმე გაუმართავთ. ახლა, მთავარი შეკითხვა ის არის, რატომ არ რეაგირებს კანონდარღვევაზე პოლიცია.
ეს ერთადერთი ღონისძიება არაა, რომელიც აჭარაში ჩატარდა. გუშინ, ქალაქის ცენტრში ხალხმრავალი ქორწილი გაიმართა, თუმცა ამ შემთხვევაში მეპატრონეს არ გაუმართლა. წვეულების მასშტაბურობა შრომის ინსპექციას არ გამოპარვია. რესტორანი „საფერავი“ 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.
ირკვევა, რომ კოვიდ რეგულაციებს სხვებიც არ იცავენ. მაგალითად, რესტორანი „რივიერა“ უკვე ორჯერ 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.
როგორც ჩანს, კანონმდებლების ქცევა მაინც გადამდებია, როცა ხედავენ, როგორ აღნიშნავდა დეპუტატი შვილიშვილის დაბადებისდღეს რესტორანში. ანზორ ბოლქვაძის ქეიფი ახლობლებთან ერთად, სოციალური ქსელის პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.