შაბათი 21, სექტემბერი 2019

როგორ აღნიშნავენ ახალ წელს ქედაში

31, დეკემბერი 2016 13:29:00

საკანდელიძეების ოჯახში საახალწლო სამზადისი დილიდან იწყება. ოჯახის დიასახლისი ტრადიციულ კერძებს ამზადებს. ახალი წლის სუფრას მერისში ყათმერი უნდა ამშვენებდეს. თხილი, ცხიმი და საუცხოოდ მომზადებული ცომი დაუვიწყარი გემოს გარანტია. 

საახალწლო წეს-ჩვეულებათა უმეტესი ნაწილი აჭარაში ნაყოფიერებას უკავშირდება. ტრადიციულად, ქედაში ახალ წელს სავსე სუფრით ხვდებიან. ვიდრე დედამთილი ყათმერს აცხობს, რძალი უძველეს და უგემრიელეს კერძს -ბორანოს ამზადებს. დალი მუთიძე გვიყვება, რომ ახალი წლის სუფრა მრავალფეროვანი უნდა იყოს, მათ შორის აუცილებელია გოგრა, კაიმაღი, ბურმე, ფხალობიო და ყაურმა. 

საახალწლო სამზადისში ოჯახის სხვა წევრებიც ერთვებიან. ახალი წლის სუფრა სახლში დაწურული ღვინის გარეშე წარმოუდგენელია. 

საახალწლო სუფრის გაშლამდე, პატარებს დრო კომპიუტერული თამაშებით გაჰყავთ, თუმცა ახალი წლის დადგომა ყველაზე მეტად რა თქმა უნდა მათ ახარებთ. ამ დღეს სურვილების ასრულებას ელიან. საკანდელიძეების ოჯახს წელს განსაკუთრებული მეკვლე ჰყავს, თანაც, რამდენიმე - მერისის სკოლასთან არსებული გუნდის წევრები. 

ახალი წლის ღამეს მთელი ოჯახი სუფრასთან იკრიბება. 2017 წლის მილოცვის შემდეგ, ტრადიციულად სრულდება მრავალჟამიერი და ლხინი იწყება.

 

 


დღის ამბები