ათასობით არასრულწლოვანი საბაზო განათლების მიღმა. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში, 10 ათას ბავშვზე მეტს არასდროს ჰქონია მოსწავლის სტატუსი და შესაბამისად, არასდროს უვლია სკოლაში. ამ დროს კი სახელმწიფო დუმს და პრობლემაზე ვერ რეაგირებს. ზრუნვის გარეშე დარჩენილი მოზარდების კონსტიტუციური უფლება რომ უხეშად ირღვევა, ამაზე განათლების ექსპერტებიც ღიად საუბრობენ.
ეს 13 წლის ლეილაა. ბოშა გოგონა, რომელიც სკოლის მიღმაა დარჩენილი. იმის გამო, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არასდროს უვლია, ახლა პირველი კლასის პროგრამას ქუჩაში ეუფლება. მასწავლებელი ასმათ დიასამიძეა. პედაგოგი ახლა მას წერა -კითხვას ასწავლის. რამდენი ასო უკვე ისწავლა და დამარცვლით კითხვასაც წარმატებით ახერხებს.
საგანმანათლებლო პროცესი მოსწონს, მიუხედავად იმისა, რომ ღია ცის ქვეშ მიმდინარეობს. სკოლის მიღმა დარჩენი მოზარდს წერა-კითხვის პროცესი არ ეზარება, რადგან განვითარების სურვილი ყოველთვის ჰქონდა. პედაგოგი ამბობს, რომ ლეილა ძალიან გონიერია.
ქვეყნის მასშტაბით, ბევრი ლეილაა. ანუ ბავშვი, რომელიც სკოლაში განათლების მიღებას ვერ ახერხებს. მოსწავლის სტატუსის გარეშე, ოფიციალური მონაცემებით, 10 ათას 404 მოზარდია. ციფრები განათლების სამინისტრომ ინტერნეტ-გამომცემა „ბათუმელებს“ დაუდასტურა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბავშვები სახელმწიფომ ზრუნვის გარეშე დატოვა და სკოლაში არასდროს უვლიათ. განათლების ექსპერტები ამბობენ, რომ მონაცემები თავისთავად საგანგაშოა და გამოსავლის ძიებისას ხელისუფლებამ ჯერ კატეგორიები უნდა მოიკვლიოს, შემდგომ კი ევროპული გამოცდილების მსგავსად, მათთვის საგანმანათლებლო ორგანიზაციები გააძლიეროს.
ირღვევა თუ არა ბავშვების კონსტიტუციური უფლება - მიიღოს განათლება? აჭარის ერთპარტიულ უმაღლეს საბჭოში გვეუბნებიან, რომ კი. განათლების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაჩვენებლის გასაჯაროვებით სახელწმიფო აღიარებს, რომ პრობლემა არსებობს და მუშაობს კიდეც მისი მოგვარების გზებზე.
ეს ის შემთხვევაა, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთი პოზიცია აქვს. მაჩვენებელი რომ კატასტროფულია, ამას გიორგი კირთაძე ხელისუფლების გულგრილ დამოკიდებულებას უკავშირებს. ამბობს, რომ გამოსავალი სოციალური ფონის შეცვლა და ეკონომიკის ზრდაა.
საქართველოს განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. ეკატერინე დგებუაძის მტკიცებით, ამ მექანიზმით ბავშვებს საკლასო სივრცეეებში დააბრუნებენ.
რამდენია ბავშვია სასკოლო სივრცის მიღმა დარჩენილი აჭარაში და აქვს თუ არა ავტონონომიური რესპუბლიკის სამინისტროს დამოუკიდებელი ხედვა იმასთან დაკავშირებით, რომ მოზარდები განათლებით დააინტერესოს და სკოლაში მიიყვანოს? უწყებაში დღეს სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, გვითხრეს, რომ ეს მათი კომპეტენცია არ არის.