24, მარტი 2021 21:30:00
საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, შესაძლოა საქართველოსთან მიმართებაში, ფინანსური დახმარების პოლიტიკას გადახედოს. ეს იმ შემთხვევაში, თუ კი ოპოზიცია და მმართველი გუნდი შეთანხმებას ვერ მიაღწევს. სენატორები მმართველობაში შექმნილ ისეთ პრობლემებზეც საუბრობენ, რომლებიც, მათივე თქმით, ქვეყანას საბოლოოდ წაართმევს ევროატლანტიკურ ინსტიტუციებთან შეერთების შანსს. ხაზგასმით ამბობენ, რომ როგორც პოლიტპატიმრების ყოფნით, ისე პარლამენტში ცარიელი სკამებით, მხოლოდ რუსეთია კმაყოფილი.
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ამერიკელმა კანონმდებლებმა ტონი გაამკაცრეს. პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ამერიკამ საქართველოს ფინანსურ დახმარებას გადახედოს. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ერთადერთი ვინც ოპოზიციის წევრების საპატიმროში ყოფნით და პარლამენტში ცარიელი ადგილებით იმარჯვებს - რუსეთია.
ოლიგარქიული მმართველობა, ზეწოლა სასამართლოზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მედიაზე - ამ პრობლემებს ასახელებენ სენატორები ქვეყნის დემოკრატიის გაუარესების მიზეზად. ამერიკელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველო კრიტიკულ მომენტშია და კრიზისი თუ გაგრძელდება, ევროატლანტიკურ ინსტიტუციებთან შეერთების შანსს საბოლოოდ დაკარგავს.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწემ ნიკა მელიას დაკავება, ქართული დემოკრატიისთვის უკან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა, თუმცა, თვლის რომ კანონის უზენაესობას ყველა ლიდერმა პატივი უნდა სცეს. აცხადებს, რომ მელიამ წინასწარი პატიმრობის პირობა დაარღვია და ასეთ შემთხვევაში უდანაშაულო არავინაა.
ამერიკელმა პოლიტკოსებმა არ გამორიცხეს, რომ საქართველოს ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის წინაპირობებიც დაუწესდეს.
დაუწესდება თუ არა საქართველოს ვაშინგტონიდან ფინანსურ დახმარებაზე წინაპირობები ამ ეტაპზე უცნობია. მანამდე კი სენატორები რეზოლუციის შემუშავების ინიციატივით გამოდიან, რითიც პოლიტიკურ პარტიებს დავის გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ.