24, მარტი 2021 21:20:00
ოლიგარქიული მმართველობა, ზეწოლა სასამართლოზე, პოლიტიკურ ცხოვრებაზე და მედიაზე - ამ გამოწვევებზე დაყრდნობით ამერიკელი სენატორები აცხადებენ, რომ ქართული დემოკრატია საფრთხეშია. მიუხედავად ასეთი შეფასებებისა, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ შეერთებულ შტატებში გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ მათ პროდასავლური კურსიდან არ გადაუხვევიათ. სენატორების გამოსვლები შეაფასეს ხელისუფლების ოპონენტებმაც.
ამერიკელი კანონმდებლების მესიჯები, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ განსხვავებულად აღიქვა. ხელისუფლების ოპონენტები სენატორების მოწოდებების მთავარ ადრესატად მმართველ გუნდს ხედავენ. მათი შეფასებით, ქვეყნის მთავარი სტრატეგიული პარტნიორი მოლაპარაკებების პროცესიდან კონკრეტულ შედეგებს ელოდება. სხვა შემთხვევაში კი, მათი თქმით, პასუხისმგებლობა, სწორედ ქართულ ოცნებას დაეკისრება.
ოპოზიციისგან განსხვავებით, ამერიკელი სენატორების გზავნილები არც თუ ისე საგანგაშოა მმართველი გუნდისთვის. ქართულ ოცნების შეფასებით, განცხადებებში დადასტურდა, რომ ქვეყანას 2012 წლიდან დღემდე, პროდასავლური კურსიდან არ გადაუხვევია. „ქართული ოცნების“ ლიდერები ფიქრობენ, რომ სენატში გამოთქმული შეფასებების შემდეგ, ოპოზიციას შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა მოუწევს.
ქართულმა ოცნებამ და ნაციონალურმა მოძრაობამ სენტაში გამართული მოსმენებიდან სათავისო გზავნილები ამოკრიფეს- ასეთია პარტია „მოქალაქეების“ პოზიცია. ლევან იოსელიანისთვის, მთავარი გზავნილი, პოლიტიკური პარტიების პარლამენტში წარმოდგენის საჭიროება აღმჩნდა.
შეცვლის თუ არა ქვეყანაში არსებულ კრიზისს, სენატორების გზავნილები, ბუნდოვანია. უახლოეს დღეებში კი, მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდი იწყება. მედიატორ კრისტიან დანიელსონს, თბილისში, კვირის ბოლოს ელოდებიან.