30, მარტი 2021 21:45:00
მწვავე კრიტიკის და დაპირისპირებების ფონზე, ხელისუფლება დათმობაზე მიდის. ბულვარში ახალ მშენებლობებზე მორატორიუმი ცხადდება, ტერიტორია კი სამართავად ბათუმის მერიას უბრუნდება. ეს კი მანამ იქნება, ვიდრე ზღვისპირა პარკს განაშენიანების გეგმა ექნება. გადაარჩენს თუ არა ადგილობრივი მთავრობის გადაწყვეტილება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციულ ზონას? რა დაგეგმა ხელისუფლება და ვინ როგორ ხედავს ბულვარის მომავალს?
ეს, განცხადება თორნიკე რიჟვაძემ, მთავრობის სხდომაზე, დღის წერგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის დაწყებამდე გააკეთა. სწორედ მას შემდეგ, რაც ბათუმის საკრებულოში, მოქალაქეები, ბულვარის ნაწილის იჯარით გაცემის გასაპროტესტებლად შეიჭრნენ. ცნობილი გახდა ისიც, ზღვისპირა პარკის მართვის უფლება ბათუმის მერიას დაუბრუნდება.
რას ნიშნავს სრული მორატორიუმის გამოცხადება? თორნიკე რიჟვაძე განმარტავს, რომ ეს მხოლოდ, ახალ სამშენებლო პროექტებს შეეხება. მისი განცხადებით, განაშენიანების გეგმა, სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში მზად იქნება. დაიცავს თუ არა გადაწყვეტილება მიმდინარე მშენებლობებისგან კულტურულ მემკვიდრეობას? მაგალითად, როგორიცაა „ამბასადორ“ ბათუმის ტერიტორია, - უცნობია.
მოულოდნელი იყო თუ არა, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარისთვის მორატორიუმის გამოცხადება? პასუხი ვერ მივიღეთ. სულიკო თებიძის თქმით, ამას არსებითი მნიშნველობა არ აქვს. წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელისთვის ხალხის პროტესტი გაუგებარია. მეტიც, ამბობს, რომ პლაჟის გასხვისების საკითხი „ძალიან მოსწონს“.
ოპოზიციაში მორატორიუმის გამოცხადება დროულად მიაჩნიათ. დამოუკიდებელი დეპუტატი ბათუმის საკრებულოში იმედს გამოთქვამს, რომ ბულვარის განაშენიანების გეგმა, მზად, ახლო მომავალში იქნება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომში“ ფიქრობენ, რომ ბულვარი, ისევ ხალხის დასაცავი გახდება. იქნება თუ არა მიუკერძოებელი ზღვისპირა პარკის განაშენიანების გეგმა? შოთა გუჯაბიძე იმედოვნებს, რომ მუშაობის პროცესში ბათუმელების ინტერესები გათვალისწინებული იქნება.
მოჰყვა თუ არა მორატორიუმის გამოცხადება „ლე მერიდიენისთვის“ პლიაჟის გადაცემის საკითხის პროტესტს? ფაქტია, რომ მთავრობის თავმჯდომარემ განცხადება, ხმაურიანი საკრებულოს სხდომის შემდეგ გააკეთა.