15, აპრილი 2021 21:45:00
„ჩემი სხეული მე მეკუთვნის“- პირველად, არსებობის ისტორიაში გაერო ავტონომიურობისა და თვითგამორკვევის უფლებას იკვლევს. ეს კი საკუთარი სხეულის შესახებ არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთების თავისუფლებას გულისხმობს. ანუ თავად თქვენ უნდა წყვეტდეთ დაამყარებთ თუ არა კონკრეტულ პირთან სქესობრივ კავშირს, დაორსულდებით თუ არა ან მიმართავთ თუ არა სამედიცინო დაწესებულებას. დასკვნაში წერია,რომ ქალებსა და გოგოებს ხშირ შემთხვევაში ეს უფლება ეზღუდებათ, ანუ მათზე ძალადობენ, ეს კი ზიანს აყენებს ჯანმრთელობას. როგორც აღმოჩნდა, განსაკუთრებული წნეხის ქვეშ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან.
იძალადა, სცემა, სექსუალურად შეავიწროვა - ამგვარი დანაშაულის შესახებ ახალ ახალ შემთხვევებს საზოგადოება თითქმის ყოველდღიურად ისმენს. ბოლო პერიოდში, მოძლადეები არც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს ინდობენ. ტენდენცია ასეთია: საქმე გამოუძიებელი, დამნაშავე კი დაუსჯელი რჩება.
არასამთავრობო ორგანიზაცია „იალქანში“ ამბობენ, რომ როცა მოძალადის მსხვერპლი შეზღუდული შესაძლებლობისაა, საქმის გამოძიების დაწყების შემთხვევაში, მსხვერპლს უჭირს გადმოსცეს ან აღწეროს პირი ვინც სცემა, გააუპატიურა და ასე შემდეგ. თიკო აბაშიძე ამბობს, რომ გახშირებული შემთხვევების მიუხედავად, დაზარალებული ხშირად სამართალდამცავ სტრუქტურებს არ მიმართავს. მიზეზი მარტივია, არ აქვთ მოლოდინი, რომ მათ მონათხობს დაიჯერებენ და გამოძიება დაიწყება.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ძალადობის ფაქტები რომ ხშირია, ეს სადაო არავისთვისაა. რამინ მაჭარაშვილი, რამდენიმე დეტალზე საუბრობს. ამბობს, რომ ძალადობის შემთხვევაში ხშირად, მსხვერპლს არ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ უნდა დაიცვას მისი უფლებები და ვის უნდა მიმართოს. ეს იმიტომ, რომ სახელმწიფო შესაბამის საინფორმაციო კამპანიას არ ახორციელებს.
„ჩემი სხეული მე მეკუთვნის“ - ამ სათაურით სპეციალური წლიური ანგარიში, „გაეროს მოსახლეობის ფონდმა“ გამოაქვეყნა. კვლევაში აღნიშნულია, რომ ინფორმაციის სიმცირის გამო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ძალადობის ფაქტები და რისკები სამჯერ უფრო მეტია, ვიდრე სხვა დანარჩენზე.