16, აპრილი 2021 21:45:00
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სამედიცინო კაბინეტები უნდა მოეწყოს. ამას „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ახალი ცვლილებები ითვალისწინებს. აღნიშნული თანახმად, სასწავლო დაწესებულებებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ათასს აღემატება, სამედიცინო კაბინეტები მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა გაიხსნას, ხოლო იმ სკოლებს, რომლებშიც მოსწავლეთა რაოდენობა ათასზე ნაკლებია, სივრცის მოსაწყობად, დრო 2022 წლამდე აქვთ.
ლიკა ცენტერაძის შვილი, მეშვიდე კლასის მოსწავლეა. ამბობს, რომ მოზარდი ზედმეტად ცელქია, რის გამოც ეშინია, რომ სახლში დაშავებული დაბრუნდება. დედას მუდმივად აქვს იმის შიშიც, რომ ერთხელაც, უნებლიედ ზიანს სხვასაც მიაყენებს. მისი თქმით, მთავარი პრობლემა, რაც სკოლებშია, ეს გაუმართავი სამედიცინო კაბინეტებია.
სამედიცინო კაბინეტი, ქალაქის მხოლოდ რამდენიმე სკოლას აქვს. ექიმები ამბობენ, რომ სასწავლო დაწესებულებებმა სტანდარტის დაკმაყოფილება რომც გადაწყვიტონ, საკმარისი ადამიანური რესურსის მოპოვება გაუჭირდებათ. მიზეზად, ქვეყანაში, პედიატრების ნაკლებობას ასახელებენ.
მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სკოლებში სამედიცინო ოთახების მოწყობა სავალდებულო გახდა. ცვლილების მიხედვით, სასწავლო დაწესებულებამ, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ათასს აღემატება, შესაბამისი სივრცე 15 სექტემბრამდე უნდა უზრუნველყოს.
იმ სკოლებში, სადაც მოსწავლეთა რაოდენობა ათასზე ნაკლებია, სამედიცინო კაბინეტების მოწყობა კიდევ წელიწადნახევრით დაგვიანდება. აჭარის განათლების სამინისტროში, ირწმუნებიან, რომ 2022 წლის 15 სექტემრისთვის, სამედიცინო ოთახები, უკლებლივ ყველა სკოლას ექნება.
ვიდრე კაბინეტები მოეწყობა, განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებმა, სამედიცინო პერსონალის საქმიანობის სტანდარტები და კაბინეტების ფუნქციონირების წესები უნდა დაამტკიცონ. მოსამზადებელი პროცესი კი მიმდინარე წლის 13 ივლისამდე უნდა დასრულდეს.