20, აპრილი 2021 21:45:00
ზაფხულის სეზონი ახლოვდება, ადგილობრივი ხელისუფლება კი დაბნეულია. ტურიზმის დეპარტამენტში არ იციან, როგორ უნდა მოიზიდოს უწყებამ ქალაქის დამთვალიერებელი უცხო ქვეყნებიდან. ამას ხელმძღვანელობაში გაურკვეველ პანდემიურ მდგომარეობას ასახელებენ. რის იმედად უნდა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ტურისტული ბიზნესით ირჩენენ თავს ?
თამაზ ხორავას სარფში საოჯახო ტიპის სასტუმრო აქვს. ზაფხულის სეზონისთვის დიდი მოლოდინები არ აქვს. შიშობს, რომ ნომრებს სანახევროდაც ვერ დატვირთავს და სეზონურ საბანკო ვალდებულებას ვერ დაფარავს. გასული წლის მაგალითის გათვალისწინებით, თამაზ ხორავას არც სახელმწიფო შეღავათების იმედი აქვს.
საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივი განახლების მიუხედავად, უცხოელ ვიზიტორებს, არც სასტუმრო „ ბესტ ვესტერნში“ ელოდებიან. ამბობენ, რომ განსხვავებით გასულ წლებსგან, ჯავშნები ამ დრომდე არ აქვთ. იმედებს, გაჭიანურებული იმუნიზაციის პროცესიც უცრუებთ.
ტურისტული სეზონის გახსნას პესიმისტურად უყურებენ გიდებიც. ამბობენ, რომ სანამ გართობისა და სარესტორნო ბიზნესისთვის მოქმედი შეზღუდვები არ მოიხსნება, მხოლოდ ლანდშაპტისთვის აჭარაში ბევრი არავინ ჩამოვა. გიდები ასევე ამბობენ, რომ ვიზიტორებს კომენდანტის საათიც დააფრთხობთ.
აჭარის ტურიზმის დეპარტენტში აცხადებენ, რომ ბუნდოვანი ეპიდვითარება, მათ მოქმედების საშუალებას არ აძლევს. თინა ზოიძე განმარტავს, რომ გასულ წელთან შედარებით უკეთესი სეზონის მოლოდინი აქვთ, თუმცა რა და როგორ იქნება, პროგნოზსს ვერ აკეთებს.
რა დახმარებას გაუწევს ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს? კითხვით, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მივმართეთ, თუმცა უწყებაში არაფერი გვითხრეს.