29, აპრილი 2021 21:30:00
2 კანონპროექტი და 2 გზა თავისუფლებისთვის - შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელი მოწერიდან თითქმის ორი კვირის შემდეგ საპატიმროში მყოფმა ნიკა მელიამ ჯერ კიდევ არ იცის რა ფორმით დატოვებს ციხეს.
პარლამენტის თაროებზე ახლა, ორი ერთამენთისგან განსხვავებული ამნისტიის პროექტი დევს. მათ განხილვას საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, მომდევნო კვირიდან დაიწყებს. ხელისუფლების ოპნენტები ფიქრობენ, რომ თუ კი, უახლოეს დღეებში მმართველ გუნდთან ერთიან პროექტზე ვერ შეთანხმდებიან, მიშელის დოკუმენტის აღსრულება საფრთხის ქვეშ დადგება.
შეწყალების ეს პროექტი, ოპოზიციას ეკუთვნის. 9 გვერდიანი დოკუმენტი რამდენიმე მუხლსა და ამნისტიის მოქმედების კონკრეტულ ვადებს მოიცავს. ინიცირებული პროექტის მიხედვით, საპატიმროს დატოვება იმ პირებს უნდა შეეხოთ, ვის წინააღმდეგაც გამოძიება უკვე დაწყებულია. პარლამენტში შესული ოპოზიციის განმარტებით, მთავარი განსხვავება, რაც მმართველი გუნდის პროექტთან შედარებით არსებობს, დოკუმენტში ჩადებული მკაფიო ჩანაწერებია.
ოპონენტების მიერ ინიცირებულ ამნისტიის პროექტს აკრიტიკებენ „ქართული ოცნებაში“. მმართველი გუნდის მოსაზრებით, აღნიშული, ბრალდებულ პირებს ორ ნაწილად ჰყოფს - მისიანებად და სხვისიანებად. უმრავლესობამ დღეს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ნიკა მელია დანარჩენ ბრალდებულებთან შედარებით, უპირატეს მდგომარეობაში ვერ იქნება.
გარდა იმ პირებისა, ვისაც ამნისტია უნდა შეეხოს, მხარეები კიდევ ერთ საკითხზე ვერ თანხმდებიან. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი დაზარალებულების თანხმობის შემდეგ უნდა ამოქმედდეს. იდეას, ისევ არ იზიარებს „ქართული ოცნება“. მხარეები დარწმუნებით ამბობენ, რომ 20 ივნისის საქმის ფიგურანტ იმ პოლიციელებს, რომლებმაც მომიტინგეებს მძიმე დაზიანებები მიაყენეს, ამნისტია არ შეეხება.
პარლამენტში წამოწყებულ მსჯელობას ისევ სკეპტიკურად უყურებენ ის ოპოზიციური ძალები, რომლებისთვისაც მიშელის დოკუმენტის მუხლები პარლამენტში შესვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ ხელისუფლება ტყვეებით ვაჭრობს და მელიას თავისუფლებით 20 ივნისის საქმის ჩაფარცხვას ცდილობს.
ამნისტიის კანონპროექტები განხილვისთვის ჯერ კომიტეტებზე, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავა. საბოლოოდ, პარლამენტი შეწყალების იმ კანონს მიიღებს, რომელიც სამი მოსმენით, 76 ხმას დააგროვებს.