04, მაისი 2021 17:59:00
2 ათასი ოჯახი სასმელი წყლის გარეშე. დაბა ოჩხამურში, მცხოვრებლებმა დღეს აქცია გამართეს. ყოფილი მეურნეობის ბინებში მცხოვრებლები აცახდებენ, რომ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ. ხშირია შემთხვევები, როცა წყალი კვირაობით არ აქვთ. ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას წლებია სთხოვენ. რას პასუხები აქვთ ქობულეთის მერიაში, მოსახლეობის პრეტენზიებთან დაკავშირებით
სასმელი წყლის მოთხოვნით, დაბა ოჩხამურში მცხოვრებლები პირველად არ გამოდიან. ადგილობრივები ყვებიან, რომ წლებია ცხოვრება გაუსაძლის პირობებში უწევთ. მოქალაქეები გულგრილობასა და უყურადღებობაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ მთავრობას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება, თუმცა დაპირებები დაპირებებად რჩება.
აქციის მონაწილეებმა თქვეს, რომ უწყვეტი წყალმომარაგებით წლებია ვერ სარგებლობენ. აპროტესტეტებენ იმასაც, რომ სასმელი წყალი გრაფიკით მიეწოდებათ, თუმცა იმდენად შეზღუდულით, რომ საჭირო მარაგის შევსებას ვერ ახერხებენ.
წყალი, რომელიც გრაფიკით მიეწოდება, სასმელად უხარისხოა. ადგილობრივების ერთადერთი ალტერნატივა სოფლის წყაროა, რომელიც მოშორებითაა, ეს კი დამატებით პრობლემებს ქმნის.
ბრალდების ადრესატი ქობულეთის მერიაა. უწყებაში ამბობენ, რომ პროქტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. მუნიციპალიტეტის პირველი პირი ვერ აკონკრეტებს როდიდან შეძლებენ ოჩხამურში მცხოვრებლები უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობას.
დაბა ოჩხამურში 2 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. უახლოეს პერიოდში პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ.