06, მაისი 2021 13:59:00
ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ხვდებიან.
შეხვედრაზე შესვლამდე ენმ-ის წევრმა, სალომე სამადაშვილმა კანონპროექტზე ისაუბრა, რომელიც სამართალდამცველის მიმართ დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს. სამადაშვილი ამბობს, რომ კონსტუტუციით კანონპროექტის შეჩერების ყველაზე სწრაფი გზა ვეტოს დადებაა.
"ეს არის პრეზიდენტის დისკრეციული უფლება, გამოიყენოს თუ არა კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილება ვეტოს დადებასთან დაკავშირებით. შეხვედრა იმართება პრეზიდენტის ინიციატივით, მე რამდენადაც მიმაჩნია, ეს ცვლილებები, რომელიც ნაჩქარევად, ფარულად მიიღო მმართველმა უმრავლესობამ, რაც შეეხება სასჯელის გამკაცრებას ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ფაქტიურად, კიდევ უფრო მეტად შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლების სივრცეს ქვეყანაში. მე მიმაჩნია, რომ ნებისმიერი მექანიზმით უნდ შევაჩეროთ, რომელიც ამ ეტაპზე არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის კონსტიტუციით და კონსტიტუციით ყველაზე სწრაფი გზა ამის შეჩერების არის სწორედ ვეტოს დადება". - ამბობს სალომე სამადაშვილი.
ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა გირჩისა და მოქალაქეების ლიდერებს. ამის შესახებ იაგო ხვიჩიამ და ალეკო ელისაშვილმა ისაუბრეს.