06, მაისი 2021 21:30:00
ემზადება თუ არა ქვეყნის პრეზიდენტი პირველი ვეტოსთვის - მმართველ პარტიასა და სალომე ზურაბიშვილს შორის მორიგი უხერხულობის მიზეზი შესაძლოა ის კანონპროექტი გახდეს, რომლითაც წვრილმან ხულიგნობაზე სასჯელი იზრდება. ცნობილია, რომ ოპოზიცია პრეზიდენტისგან კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვს, თუმცა ზურაბიშვილის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, დღეს, რეზიდენციაში ყველა ის პარტია მიიღო, რომელმაც მიშელის დოკუმენტს ხელი, 2 კვირის წინ, მოაწერეს. ოპოზიციონერი ლიდერები ორბელიანის რეზიდენციაში იმ იმედით მივიდნენ, რომ სალომე ზურაბიშვილს ვეტოს გამოყენებაში დაარწმუნებდნენ.
ოპოზიცია ზურაბიშვილისგან კანონპროექტზე ვეტოს დადებას ითხოვს, თუმცა, საბოლოოდ რას გადაწყვეტს პრეზიდენტი, უცნობია. ხელისუფლების ოპონენტები ირწმუნებიან, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნებამდე 6 თვით ადრე, სამოქალაქო აქტივისტების ამ ფორმით დაშინებას და საპროტესტო მუხტის ჩახშობას ცდილობს.
„ქართულმა ოცნებამ“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები უკვე დაამტკიცა, თუმცა, პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შესაძლოა პროცესი თავდაყირა დააყენოს. სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგობის იმედი ნაკლებად აქვთ იმ სამოქალაქო აქტივისტებს, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ციხეში უკვე არაერთხელ მოხვდნენ. ისინი ფიქრობენ, რომ ზურაბიშვილი მთავრობის მიერაა მართული, რის გამოც ის მმართველ პარტიას არ დაუპირისპირდება.
ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში შესულ ცვლილებებზე პრეტენზიები, გაუგებარია „ქართული ოცნებისთვის“. მმართველ გუნდიში ამბობენ, რომ აქტივისტების დევნაზე საუბარი ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია.
ადმინისტარციულ სამართალდარღვევა კოდექსში დამტკიცებული ცვლილებების მიხედვით, წვრილმანი ხულიგნობის ჩამდენ პირს 1500-დან 2000- ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევს, რაც ძველ ნორმაზე სამჯერ მეტია. 1500 ლარით იზრდება ჯარიმა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლზეც, საპატიმრო დღეების რაოდენობაც იმატებს. გამოიყენებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს და დაძლევს თუ არა მას პარლამენტი - ეს სულ რამდენიმე დღეში გაირკვევა.