12, მაისი 2021 21:45:00
11 წლის ბავშვი, რომელიც სკოლაში წასვლაზე ოცნებობს. მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს. უბრალოდ თურქული დაბადების მოწმობა აქვს, რის გამოც დედა საშუალო განათლებას ვერც ბათუმში მოქმედ თურქულ სკოლაში აძლევს და ვერც ქართულში. მან სპეციალური განცხადებით, სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა, თუმცა ვერაფერს გახდა.
ჯან ონდერი, ახლა, წესით მეოთხე კლასის მოსწავლე უნდა იყოს, თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, არც საბავშვო ბაღში უვლია და რამდენად გასაკვირიც არუნდა იყოს, არც სკოლაში დადის. კითხვაზე, თუ რატომ დარჩა აქამდე, განათლების მიღმა, პასუხი არ იცის. ახლა თერთმეტი წლისაა ოცნებობს, რომ როგორც სხვა ბავშვები სკოლაში, თავადაც წავიდეს
ამბავი ასეთია, ჯანი, თურქეთის მოქალაქეა, დედა ქართველი ჰყავს. როგორც ჯანის დედა ამბობს, ზუსტად ამ მიზეზით, შვილების რეგისტრირება, ვერცერთ ქართულ სკოლაში ვერ შეძლო. გვიყვება,რომ მიზეზად ბავშვების თურქულ პირადობის მოწმობებს უსახელებდნენ.
სამი და-ძმა, დღემდე,განათლების მიღმაა. ინგა ზაქარაშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტროში, განცხადება რამდენჯერმე დაწერა, თუმცა, უშედეგოდ. უფროსი შვილი, 16 წლისაა სკოლაში, მხოლოდ, ორი კლასის განათლება მიიღო, ისიც, თურქეთში. არც საქართველოში არსებულ თურქულ სკოლაში მიიღეს, მიზეზი მისთვის გაუგებარი იყო. ბავშვები, წერა კითხვას, დღეს ფონდ „იალქანში“ სწავლობენ.
„იალქანს“ ორი თვის წინ მიაკითხეს. თიკო აბაშიძე, ამბობს, რომ პრობლემების აღმოსაფხვრელად, აჭარის განათლების სამინისტროში, თავად, ფონდის წევრები მივიდნენ. მცდელობა ორი ბავშვის შემთხვევაში, წარმატებით დასრულდა, 16 წლის მარიამის საკითხი კი, კითხვის ნიშნის ქვეშაა. თუ რატომ, ვერ შეძლეს არასრულწლოვნებმა განათლების მიღება აქამდე? ფონდის ხელმძღვანელის თქმით, მან უწყებისგან, მხოლოდ, სიტყვიერი განმარტება მიიღო, რომ დედას მათთვის განცხადებით არ მიუმართავს.
ცხადია, ჩვენ განათლების სამინისტროს დავუკავშირდით. ვკითხეთ, თუ რატომ დატოვეს ბავშვები განათლების მიღმა. პასუხი, ჩვენც ანალოგიური მივიღეთ, პრესსამსახურმა გაგვიმეორა, რომ ინგა ზაქარაშვილს, განათლების სამინისტროსა და რესურსცენტრისთვის არ მიუმართავს. თუმცა, რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს, სადაოა, რადგან, დამატებით კითხვებზე პასუხების მისაღებად, პასუხისმგებელმა უწყებამ სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთა.