13, მაისი 2021 21:45:00
ბათუმის ცენტრალური საფეხურთო მოედანი რიგით მეორე მატჩისთვის ემზადება. ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრა 16 მაისსაა ჩანიშნული. ბათუმის ''დინამო'' ახალ სტადიონზე თბილისის "საბურთალოს'' უმასპინძლებს. ბილეთების გაყიდვა გუშინ დაიწყო. ფასების ცვალებადობის გამო პრეტენზია არაერთმა გულშემატკივარმა გამოთქვა, რის გამოც მენეჯმენტს მისი გადახედვა მოუხდა. მოქალაქეები ამბობენ,რომ მაღალი ღირებულის გამო, სამომავლოდ, სპორტული სივრცე შესაძლოა მაყურებლის გარეშე დარჩეს.
რიგით მეორე საფეხბურთო მატჩი, ბათუმის ცენტრალურ მოედანზე, კვირას, 18 საათზე დაიწყება. ერთმანეთს, ბათუმის „დინამო“ და თბილისის „საბურთალო“ შეეჯიბრებიან. თამაშზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა გუშინ დაიწყო და ამ დროისთვის, რაოდენობა სრულად ამოწურულია.
თავდაპირველად, ვითარება ასეთი იყო: ფასი 5-დან 800 ლარამდე მერყეობდა. 5, 10 და 15 ლარიანი ბილეთები, მალევე გაიყიდა. დარჩა მხოლოდ 25 და 800 ლარიანები. აღმოჩნდა, რომ „საბურთალოსთან“ მატჩზე დასწრების სურვილი, წინა თამაშთან შედარებით, გაძვირდა.მაღალმა საფასურმა, მოქალაქეების უკმაყოფილებაც მალევე გამოიწვია. ბათუმელების განმარტებით, ფასების გაზრდა, ფეხბურთს, გულშემატკივრების გარეშე დატოვებს.
რამ გამოიწვია ბილეთების ასეთი მაღალი საფასური, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში პანდემიაა და ეკონომიკური მდგომარეობა არასახარბიელოა, ფეხბურთის ქომაგებმა, წყენა ვერც სოციალურ ქსელში დამალეს.
მოქალაქეების მხრიდან გამოხატულ პრეტენზიებზე რეაგირება მალევე მოახდინეს. მენეჯმენტმა, 5, 10 და 15 ლარიანი ბილეთები, ისევ, გაყიდვაში დააბრუნა.
ვიდრე მენეჯმენტი ფასებს დააკორექტირებდა, ყველას გაუჩნდა კითხვა - რამ გამოიწევია ფასების ზრდა, წინა ტურნირთან შედარებით? საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ პიარ-მენეჯერის განმარტებით, წინა შეჯიბრზე, ბილეთებზე დაბალი ფასი, გულშემატკივრების მაღალი ინტერესის გამო დაუშვეს.
წინა თამაშის მსგავსად, პანდემიის გათვალისწინებით, მოედანზე დასწრების საშუალება, მხოლოდ, 7 ათასამდე მაყურებელს ანუ 30%-ს აქვს. დაწესებული რეგულაციების ფონზე, თბილისის „დინამოსა“ და ბათუმის „დინამოს“ შორის გამართულ მატჩზე გულშემატკივართა დასწრებას, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა ის, თუ რატომ დაუშვა ხელისუფლებამ გამონაკლისი გაზრდილი კოვიდ-სტატისტიკის ფონზე? თუ რამდენად იმოქმედებს, რეგიონში, ბოლო დროს, გამართული ტურნირები ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, მომდევნო დღეებში გამოჩნდება.