20, მაისი 2021 17:56:00
ათასობით მოსწავლისთვის დარეკილი ბოლო ზარი. მე-12 კლასელები დღეს, სკოლის დამთავრებას აღნიშნავენ. ტრადიციულად, ახალგაზრდებმა, ერთმანეთს, პერანგებზე, სამახსოვრო ფრაზები და სურვილები დაუტოვეს. ჩვენი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა ბათუმის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში. როგორი იყო მოსწავლეების ბოლო დღე საგანმანათლებლო დაწესებულებაში? ნინია მესხიძე გიამბობთ.
მეთორმეტე კლასელებისთვის, დღეს, ბოლო ზარი დაირეკა.. 20 მაისი, მათთვის, ერთდროულად, სიხარულთან და სევდასთან ასოცირდება. ახალგაზრდები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხსა და მასწავლებლებს დაემშვიდობნენ.
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის ეს დღე ტრადიციულად ფერადი წარწერებით, აჭრელებული თეთრი პერანგებითა და უამრავი კეთილი სურვილით აღინიშნა. გასული წლებისგან განსხვავებით, ახალგაზრდებმა, ბოლო ზარი, პანდემიის გამო, ტრადიციული ღონისძიებებით ვერ იზეიმეს.
ალბათ, გასაკვირი არავისთვის იქნება თუ ვიტყვით, რომ შეზღუდვებს მეთორმეტე კლასელები, საკმაოდ განიცდიან. ჩაშლილი გეგმების მიუხედავად, მაქსიმალურად ეცადნენ განწყობა არ გაეფუჭებინათ.
ბოლო ზარი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს აჭარის განათლების მინისტრმაც მიულოცა.
აჭარაში ბოლო ზარი 3873 მოსწავლისთვის დაირეკა.