უსაფრთხო გარემოს პირობით მოხიბლული ადამიანები და რეალობა რომელშიც საბოლოოდ აღმოჩნდნენ. კობალაძის ქუჩაზე, 15 ნომერში, ახალაშენებულ კორპუსში მაცხოვრებლებმა, მშენებელთან ვერ მიაღწიეს შეთანხმებას, სადარბაზოს კარი, ელექტრონული გასაღების გარეშე არ ეღებოდეს და იგი უცხო პირებისთვის ხელმისაწდომი არ იყოს. ფაქტობრივად ღია კორპუსი, უკვე იმდენად დანაგვიანდა, რომ მღრღნელებმაც დაიბუდეს. გარდა ამისა, კორპუსში საბილიარდო კლუბიც ფუნქციონირებს, რის გამოც მუდმივად ხმაურია. სამშენებლო კომპანია „ლამინი ჯი“- წინააღმდეგ, ადგილობრივების პროტესტი სალომე უსტალიშვილმა მოისმინა.
ამ კორპუსში, კარი ნებისმიერი მოქალაქისთვის ღიაა. არადა, ახალ მშენებარე მრავალსართულიან ბინებს, მობინადრეების უსაფრთხოებისთვის, არსებული ელექტრონული ბარათი უნდა აღებდეს. მთავარ შესასვლელზე, შესაბამისი სისტემა დამონტაჟებულიცაა, თუმცა, აქ მცხოვრებლები, თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ, რადგან შენობაში საბილიარდეა მოწყობილი და ღამით კორპუსში ბევრი ხალხი შედის, რისთვისაც პროტესტი არაერთხელ გამოხატეს.
რამდენად მიზანშეწონილია, საცხოვრებელ კორპუსში საბილიარდეს მოწყობა? ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ. მშენებელი კომპანია, ჩვენს გადამღებ ჯგუფს, მთელი დღის განმავლობაში ემალებოდა. ადგილობრივები შენობაში არსებულ ანტისანიტარიასაც აპროტესტებენ. ამბობენ, რომ კორპუსის სარდაფში ამფიბიები მომრავლდნენ და ბაყაყების ყიყინი დღე და ღამ აწუხებთ.
ბაყაყები სავარაუდოდ ანტისანიტარიის გამო მომრავლდნენ, თუმცა, ამ უკანასკენილის გარდა მობინადრეებს პრობლემები მრავლად აქვთ. ოცდაორ სართულიან შენობაში, მხოლოდ, ერთი მცირე ზომის ლიფტი მუშაობს და გადაადგილების მოლოდინში, აქ მცხოვრებლებს, ხანგრძლივი დროით დაყოვნება უწევთ.
ლიფტით მგზავრობა, მუდმივი შიშის ქვეშ უწევთ. ფიქრობენ, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩაწყდეს, ვინაიდან მსგავსი ფაქტი ორჯერ უკვე მოხდა. გვიყვებიან, რომ ხელმძღვანელ პირებს, არც მაშინ ჰქონდათ რეაქცია.
როგორც გითხარით, „ლამინი ჯი“-ს დირექცია „მაცნე“-ს კამერამ დააფრთხო და დაგვემალა. ოფისის თანამშრომლები აგრესიით გამოირჩეოდნენ, კითხვებზე პასუხები კი, რა თქმა უნდა, ვერ მივიღეთ.
პასუხები ვერც კორპუსის მობინადრეებმა მიიღეს. იმის გამო, რომ თავს მოტყუებულად გრძნობენ პროტესტის ნიშნად, რამდენიმე წუთით გზაც გადაკეტეს.
არის კიდევ ერთი გარემოება. მიუხედავად იმისა, რომ აქ უკვე ექვსი წელია ცხოვრობენ, შენობა, ექსპლუატაციაში, ჯერ კიდევ, არ შესულა. მოქალაქეების პროტესტის საპასუხოდ მერიისგან ასეთი პასუხი მივიღეთ.
დააკმაყოფილებს თუ არა მშენებელი კომპანია მობინადრეების მოთხოვნებს, უცნობია. თუმცა, მათი პროტესტი, უსაფუძვლო რომ არაა, ამას ჩვენს სიუჟეტში ნაჩვენები კადრებიც მოწმობს.