აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თანამდებობაზე წარდგენილმა, პარმენ ჯალაღონიამ მმართველი გუნდის სრული უმრავლესობის ნდობა მოიპოვა და უსკოს, უკვე მეორე ვადით, 2026 წლამდე უხელმძღვანელებს. ოპოზიციონერი დეპუტატები, საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარეს, 2020 წლის უმაღლესი საბჭოს არჩევნების გაყალბებას ჯერ კიდევ ედავებიან, რის გამოც მათ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ანუ, გამოდის, რომ ჯალაღონიას მხარი მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ" დაუჭირა. სხდომაზე გაისმა ბრალდებები იმის შესახებაც, რომ უსკოს თავმჯდომარე კომისიის ბიუჯეტს არამიზნობრივად ხარჯავს.
მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენა, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, სიამაყით დაიწყო. თქვა, რომ აჭარის ტელევიზიას უყურებს ყველა, რადგან ნეიტრალური პოზიცია აქვთ. გიგა ჩხარტიშვილმა, სატელევიზიო გადაცემები და მათი რეიტინგიც შეაფასა. გამოთქვა მზაობა იმისა, რომ ტელევიზია, სამომავლოდ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი გახდეს.
წარდგენილი საქმიანობის ანგარიში არც თუ ისე მოსაწონი აღმოჩნდა უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის. მათი შეფასებით, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახარჯული 10 მილიონ 585 ათასი ლარი, რეგიონისთვის სასარგებლო არ ყოფილა.
მაუწყებლის საქმიანობაზე უკმაყოფილება გამოთქვა უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა. ლევან ანთაძემ ყურადღება ადმინისტრაციულ ხარჯებზე გაამახვილა. თქვა, რომ ბიუჯეტის 27%-ის ამ ნაწილში გამოყენება არასწორია.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებიც გაიხსენეს, როცა თანამშრომლები გაათავისუფლეს. სამსახურიდან გაშვების მიზეზად კი, ფეისბუქ პოსტები დაუსახელეს.
კითხვით, გიგა ჩხარტიშვილს, მმართველი გუნდის წარმომადგენლებმაც მიმართეს. ცოტნე ანანიძემ აქცენტი სახალხო დამცველის ანგარიშზე გააკეთა.
რამდენიმე შენიშვნის მიუხედავად, მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშით უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კმაყოფილია.
დასმულ შეკითხვებს აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარიმ პოლიტიკური განცხადებები უწოდა.
გიგა ჩხარტიშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თხოვნით მიმართა, რომ მაუწყებლისთვის ერთი სივრცე გამოიყოს, სადაც ტელევიზიის ყველა კონტენტი გაერთიანდება.