24, ივნისი 2021 21:29:00
განადგურებული მწვანე საფარი აჭარის მთიან სოფლებში. წიწვოვანმა ხეებმა ხმობა აქ, რამდენიმე წლის წინ დაიწყო. როგორია ვითარება და რას აკეთებენ შესაბამისი უწყებები გარემოს შესანარჩუნებლად? არსებული რეალობის მიუხედავად, პასუხისმგებელი პირები გვარწმუნებენ, რომ კომპლექსური სამუშაოები გაატარეს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუთურაულის გზაზე, მწერსაჭერ ფერომონებს ბევრ ადგილზე შეხვდებით. ხაფანგები, იმ მავნებლების დასაჭერად განათავსეს, რაც უწყების განმარტებით, წიწვოვან ხეებს ანადგურებს. სოფლის მიმდებარედ, მწვანე საფარით დაბურულმა ტყეებმა ხმობა, რამდენიმე წლის წინ დაიწო. პროცესი შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც გრძელდება.
ადგილობრივები გვიყვებიან, რომ მოსახლეობამ დაავადებული და გამხმარი ხეებისგან ტყეები გაასუფთავა. ვალიკო დიასამიძის ინფორმაციით, ხეები განსაკუთრებით დაბალ ზონაში განადგურდა.
გამომდინარე იქედან, რომ ტყეებზე კონტროლსა და მონიტორინგს რეგიონში, ძირითადად, აჭარის სატყეო სააგენტო და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო ახორციელებს, ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ტყეებთან მიმართებაში სამუშაო პოლიტიკა მათ კომპეტენციას სცდება.
აჭარის სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ პრევენციისა და პრობლემის გადაჭრის მიზნით, კომპლექსური სამუშაოები გაატარეს. მავნებლების გასანადგურებლად, სპეციალური მწერები გამოიყვანეს. ამასთან, ლოკალურ ზონებში ფერომონონები განათავსეს და დაზიანებული ხეების გასაწმენდად, სანიტარული ჭრები განახორციელეს.
უწყების ინფორმაციით, გასულ წელს, სანიტარული ჭრებით, დაზიანებული ტყის მასივიდან 4 ათასი კუბამეტრი ხე გამოიზიდა და მოსახლეობას გადაეცა. მათვე ცნობით, მსგავსი სამუშაოების განხორციელება მიმდინარე წელსაც დაგეგმილია.
შუახევის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის შეფასებით, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული საკითხით არ დაინტერესებულა. პრევენციის მიზნით, შესაბამისი უწყების მიერ გატარებული სამუშაოები კი, ტყეების შესანარჩუნებლად საკმარისი არ იყო.
წიწვოვანი ხეებით გაშენებულმა ტყეებმა, პიკს, ბოლო სამ წელში მიაღწია. აჭარის სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, აჭარის მთიანეთში, სოფლის მიმდებარედ არსებული ტყეების აღდგენას, 4-5 წელი დასჭირდება.