ქვეყანა, სადაც თანამდებობა და სკამი ნათესავებსა და ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს. მსგავსი ფაქტები სავარაუდოდ არაერთხელ გაგიგიათ და ალბათ არც ახლა გაგიკვირდებათ, როცა ამ ამბავს მოისმენთ. დადასტურებით არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა გიყვებით ჩვენს წყაროებზე დაყრდნობით მიღებულ ინფორმაციაზე. ქობულეთში ბიძადადისშვილი პოსტს ვერ იყოფენ. ერთი საკრებულოს თავმჯდომარეა, მეორე კი - საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორი. ამ ამბავშიკი გასაკვირი ის არის, რომ დაპირისპირებული მხარეები იმ სკამის გამო იბრძვიან, რომელიც ერთმა, დავით მჭედლიშვილმა, მეორეს, ლაშა ხახუტაიშვილს, თავად გადააბარა. წარმომადგენლობით ორგანოში ვადის ამოწურვის დასრულებამდე კი იგი სავარაუდოდ, ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას ცდილობს,მეორემხარე, როგორც ჩანს მარტივად დანებებას არ აპირებს.
მიღწევებით ამაყობს, თუმცა მისი სამუშაო გარემო ბოლო ორი წელია უსიამოვნებებით არის დატვირთული. როგორც თავად ამბობს პერიოდულად შეტევების მოგერიების რეჟიმშია. ამ გარემოებას ახლა ისიც დაემატა, რომ განათლების სამინისტროს შიდა აუდიტი დასეწებულებაში არსებულ ვითარებასა და მის საქმიანობას სწავლობს.
საჩივრის ინიციატორის საჯაროდ დასახელება არ სურს, თუმცა ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ქობულეთის პროფესიული კოლეჯის დირექტორის პოსტიდან მისი ჩამოშორება ბიძას სურს, რომელიც ახლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარეა. მანამდე დავით მჭედლიშვილი ამავე დაწესებულების დირექტორი იყო.
საქმე ისაა, რომ დავით მჭედლიშვილს პოლიტიკიდან წასვლა და პროფესიულ კოლეჯში დაბრუნება სურს. ბიძასა და დისშვილს შორის კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ ამის შესახებ მთელი ქალაქი საუბრობს. ლაშა ხახუტაიშვილი გვარწმუნებს, რომ დედის ძმასთან დაპირისპირება მხოლოდ პირად საკითხებს უკავშირდება.
კორუფცია, ნეპოტიზმი, კლანური მმართველობა, თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და მითვისება - ამ საკითხებზე, აუდიტორები დოკუმენტების შესწავლას თვის ბოლოს ასრულებენ, რის შემდეგაც დასკვნის შედეგები გახდება ცნობილი. ლაშა ხახუტაიშვილი დარწმუნებულია, რომ საქმიანობისას გადაცდომები არ ჰქონია და მისი პოსტიდან მოშორება კონკრეტული ადამიანების ინტერესებში შედის.
ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე „TV25“-ის ჩართული კამერის წინ კრიტიკულ კითხვებზე საპასუხოდ მზად არ აღმოჩნდა. სატელეფონო საუბრისას კი დავით მჭედლიშვილი თანამდებობის გამო, დაპირისპირებას კატეგორიულად უარყოფს.
ლაშა ხახუტაიშვილი ქობულეთის პროფესიულ კოლეჯს ოთხი წელია, რაც ხელმძღვანელობს. რა შედეგით დასრულდება ბიძასა და დისშვილს შორის თითქმის ორ წლიანი დაპირისპირება, ეს თვის ბოლოს აუდიტის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. მაკონტროლებელი ორგანოს მოკვლევაზეა დამოკიდებული მიეცემა თუ არა პროფესიული კოლეჯის დირექტორი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში.