„დელტა“ ანუ ინდური შტამი ძალას იკრებს. კორონავირუსთან მებრძოლი მსოფლიოს ახალი თავსატეხი, ასობით ქვეყანაშია გავრცელებული. მეცნიერების მტკიცებით, კოვიდ19-ის მუტირებული ფორმა, ტრადიციულ, უჰანურ შტამსა და ბრიტანულ, ე.წ. ალფა შტამზე გაცილებით სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, მოკლე დროში აინფიცირებს ბევრ ადამიანს, რაც ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვას, მძიმე პაციენტებისა და გარდაცვალების რიცხვის მატებას იწვევს. „ორმაგი მუტანტი“ განსაკუთრებით პატარებს ებრძვის. რა რეკომენდაციებს გასცემენ სპეციალისტები ადგილობრივ დონეზე?
"კორონავირუსი ბავშვებში მარტივად მიმდინარეობს“ - ეს იყო ფრაზა, რომელიც კოვიდ19-ის გავრცელების ფონზე საზოგადოებამ მალევე აიტაცა, თუმცა დღევანდელი მოცემულობა სულ სხვაგვარია. საქართველოში ინდური შტამის დაფიქსირების შემდეგ, არასრულწლოვანთა ინფიცირების ზრდასთან ერთად, ჩვილთა გარდაცვალების შემთხვევებიც ფიქსირდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში 2 ახალშობილი, სწორედ, ე.წ. „დელტა“ შტამით გარდაიცვალა. მედიკოსები ამბობენ, რომ გასული სამი ტალღისგან განსხვავებით ინდური შტამი უფრო მარტივად გადამდებია. პედიატრების თქმით, მხოლოდ, ჰიგიენის დაცვა საკმარის არ არის და მშობლების ვაქცინაციაა აუცილებელი.
„დელტა“ შტამს „ალფა“-ს მსგავსად, ტემპერატურა, თავის ტკივილი, გულისრევა, ხველა და დიარეა ახასიათებს. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ ინდური შტამის შემთხვევაში, ხშირად, გემოსა და ყნოსვის შეგრძნებების დაკარვა არ ხდება, რამაც შესაძლოა მშობლები შეცდომაში შეიყვანოს. ბათუმში, კორონავირუსით ინიფიცრებული ბავშვების სტაციონარული მკურნალობა, დედათა და ბავშვთა ცენტრში მიმდინარეობს. აქაც ადასტურებენ, რომ ბოლო დროს მიმართვიანობა ძალიან მაღალია. მათივე განმარტებით, მკურნალობა პატარებში, ძირითადად იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოცემულობა იქნება კონკრეტულ შემთხვევაში. ექიმები ამბობენ, რომ არსებული სურათის შეცვლა, მხოლოდ საყოველთაო ვაქცინაციას შეუძლია.
პატარებისთვის პრვენციული ღონისძიებების შესრულება, როგორიცაა დისტანცია და პირბადის ტარება რთულია. მათი ვირუსისგან დაცვა მშობლებმა უნდა უზრუნველყონ. გამოსავალს მედიკოსები, ოჯახის წევრების დროულ ვაქცინაციაში ხედავენ.
ინდური, ორჯერ უფრო სწრაფად გავრცელებადი შტამი საქართველოში პირველად, 28 მაისს დაფიქსირდა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში, ოფიციალურად, დელტა შტამის 52 დადასტურებული შემთხვევაა. ეს მაჩვენებელი კი, ეპიდემიოლოგების თქმით, ყოველდღიურად მზარდია.