პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე შშმ პირის უვადოდ დადგენილი სტატუსის დატანა შესაძლებელი გახდა
ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, შშმ პირთა თემის წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შედეგად, ახალი სერვისი დანერგა - პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის დატანა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აღნიშნული სტატუსი უვადოდ აქვთ დადგენილი. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, სიახლე აღნიშნული კატეგორიის პირებს შესაძლებლობას მისცემს, მარტივად ისარგებლონ სხვა უწყებებისა და ორგანიზაციების ყველა იმ შეღავათით და სერვისით, რაც მათ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ეკუთვნით.
„პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი დაიტანება, თუ მოქალაქე პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის მიღებისას წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება, რომ მოწმობის მიღების მომენტში იგი არის შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირი და ეს სტატუსი უვადოდ აქვს დადგენილი. მისივე მოთხოვნის საფუძველზე, პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობასა და მეხსიერების ბარათზე დაიტანება ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსის შესახებ, შესაბამისი კატეგორიის მითითებით."
პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის სტატუსი დაიტანება იმ შემთხვევაშიც, თუ კი, მოქალაქე უკვე ფლობს პირადობის (ბინადრობის) აქტიურ ელექტრონულ მოწმობას და სურს დოკუმენტზე დატანილ იქნეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის შესახებ ინფორმაცია, მან საკუთარი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს იუსტიციის სახლში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრში.
"პირადობის (ბინადრობის) ელექტრონულ მოწმობაზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაციის დატანა უფასოა. უკვე გაცემულ ID ბარათზე შშმ პირის სტატუსის შესახებ ინფორმაცია განაცხადის წარდგენიდან 7 სამუშაო დღის ვადაში დაიტანება. პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობის შეცვლის შემთხვევაში, მოქალაქეს, სურვილისამებრ, შეუძლია წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტი და მოწმობაზე კვლავ ასახოს სტატუსის შესახებ ინფორმაცია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.