28, ივლისი 2021 15:57:00
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას ეხმაურება. ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ეს არის მცდელობა, საზოგადოებაში განხეთქილება კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს.
ჯაფარიძე აანონსებს, რომ "ლელო" სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან კონსულტაციებს იწყებს.
"მიუხედავად, ამ პროვოკაციისა, რაც ჩვენ ვნახეთ "ქართული ოცნების" მხრიდან, ჩვენ ვიმოქმედებთ მშვიდად, ვიმოქმედებთ პასუხისმგებლიანად, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა უნდა დაუბრუნდეს ევროპულ ოჯახს და არ უნდა გადადგას უკან, საბჭოთა წარსულისაკენ. ამიტომ, ჩვენ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლიანად, კონსულტაციებს ვიწყებთ სტრატეგიულ პარტნიორებთან, შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან და ჩვენს ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად." - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ცნობისთვის, "ქართული ოცნებამ" შარლ მიშელის ხელშეკრულება ანულირებულად გამოაცხადა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. კობახიძის განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.