30, ივლისი 2021 21:30:00
შრომის ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება აკრძალა. ცვლილების მიხედვით, დამსაქმებელი დასაქმებულს, მისი უშუალო ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს. აქამდე არსებული წესების მიხედვით კი, დასაქმებული ვალდებული იყო აენაზღაურებინა დანაკლისი იმ შემთხვევაშიც, თუ კი ვერ დგინდებოდა პროდუქციის ან თანხის დანაკლისის მიზეზი. ასევე, დამსაქმებელი უფლებამოსილი იყო ერთ-ერთი დასაქმებულის მხრიდან არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოს გამო პასუხისმგებლობა სხვა თანამშრომლებზეც გაევრცელებინა. როგორ მოსწონთ ცვლილებები დასაქამებულებსა და დამსაქმებლებს?
სამუშაო ადგილებზე კოლექტიური პასუხისმგებლობის დაკისრება შრომის ინპექციამ რამდენიმე დღის წინ აკრძალა. ეს იმას ნიშნავს, რომ დამსაქმებელი თანამშრომელს, ბრალეულობის დადგენის გარეშე, სასაქონლო-მატერიალური მარაგების დანაკლისით გამოწვეული ზიანის ანაზღაურებას ვეღარ მოსთხოვს.
ეს სავაჭრო ობიექტი ბათუმში, ინასარიძის ქუჩაძე მდებარეობს. მაღაზიაში სამი კონსულტანტი დღეგამოშვებით მუშაობს. ერთ-ერთ მათგანს ინიციატივა მოსწონს. ამბობს, რომ კონსულტანტებს ხშირ შემთხვევაში პასუხისმგებლობას დაუმსახურებლად აკისრებენ, რასაც ამიერიდან ახალი კანონმდებლობა გააკონტროლებს
სიახლეს იწუნებს ამავე ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელი. ლაშა მიქელაიშვილს თავისი არგუმენტი აქვს. სავაჭრო ობიექტში 6 კონსულტანტი ჰყავს დასაქმებული. ამბობს, რომ ცვლილებით პრობლემა ვერ გადაიჭრება. მიიჩნევს, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობის გაუქმება დასაქმებულებს წაახალისებს, კომპანიას მატერიალური ზიანი მიაყენონ.
იგივე პოზიცია აქვთ „დამსაქმებელთა ასოციაციაში“. აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე ამბობს, რომ ახალი მექანიზმი პრობლემის მოგვარების ნაცვლად, ახალ გამოწვევებს და რისკებს გააჩენს, რასთანაც გამკლავება დამსაქმებლებს გაზრდილი რესურსით მოუწევთ.
საპირისპირო მოსაზრება აქვთ აჭარის პროფკავშირებში. ზურაბ ცეცხლაძე მიიჩნევს, რომ ძველი მექანიზმი კანონს აცდენილი იყო და შრომის კოდექსს ეწინააღმდეგებოდა, რადგან მატერიალური პასუხისმგებლობის დაკისრებას ბრალის დაუმტკიცებლად ითვალისწინებდა. გაერთიანების თავმჯდომარე ამბობს, რომ სიახლე არანაირ რისკს არ აჩენს.
რისკებს ვერც უმაღლეს საბჭოში ხედავენ. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ მიიჩნევს, რომ ახალი მექანიზმი დასაქმებულების უფლებრივ მდგომარეობას გაუუმჯობესებს და მათ უკეთ დაიცავს. ილია ვერძაძის თქმით, ცვლილების დაწუნების მიზეზი არც დამსაქმებლებს აქვთ.
შრომის ინსპექციამ ცვლილების შესახებ დირექტივა დასაქმებულებს უკვე გადაუგზავნა.