ვინ აგებს შიდა სასოფლო გზებს ხულოში? რა დასკვნები დადო სახელმწიფო აუდიტმა ხულოს მერიის ტენდერებთან დაკავშირებით? უკავშირდება თუ არა საკითხი პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძის სამშენებლო კომპანიებს? რა შენიშვნები აქვს აღნიშნულთან დაკავშირებით ოპოზიციას? საკითხს არასამთავრობო ორგანიზაციებიც აფასებენ. სახელმწიფო აუდიტის უარყოფითი შეფასბის ფონზე, კი კომენტარს არ აკეთებს, მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც მილიონობით თანხების ხარჯვაზეა პასუხისმგებელი.
შ.პ.ს „აისი“ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელიც წლების განმავლობაში ხულოში, მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებს უკონკურენტოდ იგებდა. მისი დაფუძნება და მუშაობა კრიტიკის ობიექტი ჯერ კიდევ იმ დროს გახდა, როდესაც ეკომიგრანტებისთვის მოწყობილი მრავალსართულიანი საცხოვრებლის სიახლოვეს, ამ კომპანიის სახელით, ბეტონის წარმოება დაიწყეს. იმ დროისთვის, სახელისუფლებო უწყებებს, არც მოსახლეობის პროტესტი გაუთვალისწინებიათ და არც ის ზარალი, რასაც კომპანია მათ აყენებდა.
შპს „აისი“-ს დაფუძნებიდან მალე, საბიუჯეტო ტენდერებში მისი უკონკურენტო გამარჯვება, სახელმწიფო აუდიტის შესწავლის ობიექტიც გახდა. ტენდერები, გამონაკლისების გარდა კონკურენციის გარეშე ხორციელდება, რაც შესაძლოა სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული პრეტენდენტთა შემზღუდველი პირობებით იყოს განპირობებული, წერია გასულ წელს გამოქვეყნებულ დასკვნაში. ოპოზიცია აცხადებს, რომ ეს შპს პარლამენტარ, ანზორ ბოლქვაძის კომპანიაა და ლობირებასაც ამ მოტივით უწევს.
ამ კომპანიის გარდა, სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში კიდევ ორი კომპანია მოხვდა - „გიო +2016“ და „მშენებელი - 7“. მაკონტროლებლის შეფასებით, ეს კომპანიები ერთმანეთს კონკურენციას არ უწევენ, რითაც ფასის კლება არ ხდება. შედეგად, ტენდერებს, კომპანიები საწყისი ფასით იგებენ. შპს „გიო +2016“ - ის დირექტორი სახელმწიფო აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება. რევაზ რიჟვაძის თქმით, ანზორ ბოლქვაძისა და საგზაო დეპარტამენტში მისი შვილის მუშაობა სხვა კომპანიებს აზარალებს.
თავად კრიტიკის ობიექტი აცხადებს, რომ მას კომპანიებთან არც ფარული კავშირი აქვს და არც სხვა პირადი ინტერესები.
რაც შეეხება მერიას, რომელიც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს განაგებს და შესრულებულ სამუშაოებზეა პასუხისმგებელია, თემასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ მაღალმთიან აჭარაში მიმდინარე ტენდერების უკონკურენტობა ანზორ ბოლქვაძის სახელს უკავშირდება. მალხაზ ჭკადუა პასუხისმგებელ ორგანოებს გამოძიებისა და შესაბამისი რეგირებისკენ მოუწოდებს.
შიდა სასოფლო გზების პრობლემატური მონაკვეთების მოსაწყობად, მზა ბეტონის შესყიდვაზე, ხულოს მერიას ამ დროისთვის, სამი ტენდერი აქვს გამოცხადებული. საერთო ღირებულება 351 ათას 457 ლარია.