16, აგვისტო 2021 09:36:00
საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვის და გადაზიდვის ფაქტებზე ორი პირი დააკავეს. ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ - ერთი დაკავებული საცხოვრებელ სახლში შემდგომი გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით - 2 160 კოლოფ „MANCHESTER“-ის და „DUBAO“-ს დასახელების უაქციზო სიგარეტს, საიდანაც 490 კოლოფის გასაღება მოახდინა მეორე დაკავებულზე.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 9 504 ლარის ღირებულების 2 160 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და უაქციზო საქონლის ვაჭრობით მიღებული თანხა - 2460 ლარის ოდენობით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით ითვალისწინებს.