10, სექტემბერი 2021 10:24:00
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე 2 პირი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა სხვა პირების დახმარებით, იტალიის მოქალაქეზე რიცხული ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, გააყალბეს იტალიის მოქალაქის პასპორტი და მესაკუთრის მსგავსი ვიზუალის მქონე დაუდგენელი პირის დახმარებითა და ყალბი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების გზით, 2021 წლის აგვისტოში ერთ-ერთის სახელზე დაარეგისტრიდა ქ. თბილისში, სოფელ დიღომში მდებარე 900 მ2 მიწის ნაკვეთი.
უწყების ცნობით, ზემოაღნიშნულიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულებმა მოიძიეს მიწის ნაკვეთის ახალი შემძენი პირი, რომლის რეალიზაციის მცდელობისას მოხდა მათი დაკავება.
გამოძიების პროცესში დაყადაღდა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული მიწის ნაკვეთი, რომლის საბაზრო ღირებულება წინასწარი მონაცემებით 350 000 ლარს შეადგენს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.