14, სექტემბერი 2021 21:30:00
სასულიერო პირებთან დაკავშირებული ფარული მასალების გასაჯაროვების შემდეგ, „ქართული ოცნება“, უკანონო ჩანაწერების გავრცელების მორიგ ტალღას აანონსებს. პარტიის აღმასრულებელი მდივანი ამბობს, რომ სავარაუდო ჩანაწერები, საჯარო პირებს უკავშირდება და მის ინტერნეტში ატვირთვას „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის საზღვრებს გარეთ გეგმავს.
საქართველოს ხელისუფლება ფარულ მოსმენებზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს და სავარაუდოდ სუსიდან გაჟონილი ჩანაწერების შესაძლო გავრცელებაში, ოპოზიციას ადანაშაულებს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი სასულიერო პირებზე გავრცელებულ ინფორმაციას, მორიგ ბინძურ პროვოკაციას უწოდებს და ნაცმოძრაობას ქვეყნის მთავარ ინსტიტუტებზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
ოპოზიცია, სახელმწიფო უსაფრთხოების ხელმძღვანელის გადადგომას მოითხოვს და სუსში რეფორმების აუცილებლობაზე საუბრობს. მოითხოვენ, დაისაჯოს ყველა, ვინც უკანონო ქმედების უკან დგას. „ლელო“-ს ლიდერმა, დღეს ფაქტობრივად დაადასტურა ერთ-ერთი ჩანაწერის ავთენტურობა, რომელშიც თავად ფიგურირებს. მამუკა ხაზარაძე მიმდინარე პროცესებში ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ბრალეულობასაც ხედავს.
თუ „ქართულ ოცნებას“ დავუჯერებთ, გუშინ გასაჯაროვებული მასალა არ იქნება ბოლო, რომელიც ოქტომბრის არჩევნებამდე გავრცელდება. კიდევ რა უკანონო ჩანაწერები ინახება სუსის სერვერებზე, ვის უსმენდნენ და იღებდნენ, ეს თანდათან კიდევ გაირკვევა.