23, სექტემბერი 2021 18:04:00
ისევ დატბორილი ოჯახები ქობულეთში, ვერულიძის ქუჩაზე, ადგილობრივებისთვის ხსნა, ვერც არხის რეაბილიტაცია გახდა. ამბობენ, რომ მიზეზი, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოა, რის გამოც არხს გამტარიანობა არ აქვს. გუშინდელი უამინდობის შედეგად, ოჯახები არა მხოლოდ დაიტბორა. ამჯერად მათ გაუნადგურდათ შინაური ფრინველი და სავარგულები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ, ქობულეთის მერი კი ჩართულ კამერას გაურბის.
უკვე მეორე დღეა, ჟუჟუნა გაბაიძე სახლში რეზინის ჩექმებით მოძრაობს. გუშინდელმა უამინდობამ მისი საცხოვრებელი სრულად დატბორა. გაუნადგურდა ავეჯი და საყოფაცოვრებო ნივთები. ღამეს, ეზოში, ღია ცის ქვეშ ათევს.
ჟუჟუნა ბერიძე ერთადერთი არ არის, ვინც უამინდობისას დაზარალდა. ვერულიძის ქუჩაზე, ადიდებულმა სმეკალოვკის არხმა, საცხოვრებელი ეზოებიც წყლით დაფარა. ადგილობრივებს შინაური ფრინველები დაეხოცათ. მოსახლეობას, უჭირს პირუტყვის ბოსელიდან გამოყვანაც. დატბორილი სადგომებიდან, ნაწილმა საქონელი ეზოებში, ღია ცის ქვეშ დააბა.
უხვი ნალექის შედეგად, ადგილობრივებს გაუნადგურდათ თივა, ბოსტნებში კი ამ დრომდე დარჩენილი ნარგავები. მოსახლეობა ამბობს, რომ ყველაფერი გაუმართავი სანიაღვრე არხის შედეგია. რეაბილიტაცია, გასულ წელს განხორციელდა, თუმცა მათივე მტკიცებით, არაჯეროვნად, არ აქვს გამტარიანობა. ოჯახები, ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.
ქობულეთის მერი ირწმუნება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები სიზუსტითაა შესრულებული. დამატებითი კითხვების დასმის საშუალება კი არ მოგვცა. მირიან ქათამაძე, ჩართულ კამერას გაექცა. შესაბამისად, არც იმაზე გვიპასუხა, რა ვადაში გაეწევათ დახმარება დაზარალებულებს.
გუშინდელი უამინდობა პირველი შემთხვევა არ არის, როცა ვერულიძის ქუჩაზე მცხოვრებლებს, ადიდებული სმეკალოვკის არხი აზარალებს და არავინ იცის, კიდევ როდემდე მოუწევთ ადგილობრივებს მუდმივი შიშით ცხოვრება.