27, სექტემბერი 2021 13:01:00
საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კილომეტრზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, ხვალ, მოძრაობა დროებით შეიზღუდება. მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გახდა.
ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 28 სექტემბერს 00:00 საათიდან 04:00 საათმდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 28 სექტემბერს 04:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე", - წერია განცხადებაში.