16, აგვისტო 2017 19:58:00
ბათუმის ბულვარში სკეიტპარკი ისევ უცვლელად გამოიყურება. 2013 წელს დაწყებული და ამავე წელს გაჩერებული ობიექტის ბედი კვლავ გაურკვეველია. ბათუმის ბულვარში წლებია გამოსავალი ვერ იპოვეს, რა მოუხერხონ სპორტულ მოედანს, რომლის მოწყობაშიც 289 ათასი ლარი გადაიხადეს. პრობლემა შემდეგშია: ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ პირობები ვერ შეასრულა, ხოლო ის რაც გააკეთა, სტანდარტების დარღვევითაა აგებული და სკეიტერების უსაფრთხო ვარჯიშისთვის საშიშია. არის მეორე პრობლემაც. წყალსატევების, მდინარეებისა და ზღვის რეგულაციის შესახებ კანონის თანახმად, სანაპრო ზოლზე კაპიტალური შენობების აგება აკრძალულია, რაც თავის დროზე ბულვარის ადმინისტრაციას არ გაახსენდა. უკანონოდ დაწყებული სამუშაოების დასრულების ნებართვას ბულვარს სწორედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო არ აძლევს. რას გეგმავს ადმინისტრაცია, დემონტაჟს და სხვაგან ახლის აგებას, ან რას გახდა ხელმძღავნელობა ოთხი წლის განმავლობაში კომპანიასთან, რომელსაც თითქმის სამასი ათასი ლარი ტყუილად გადაუხადა, ადმინისტრაციისგან პასუხი ვერ მივიღეთ.