უკანონო მშენებლობისთვის დაჯარიმებული ბევრი გვინახავს და გაგვიგია, თუმცა დემონტაჟის შესახებ თითქმის არსად არასდროს. საზოგადოების მიდგომა ასეთია, მთავარია ისე ააშენო, ან მიაშენო, ვერაფერი გაგიგონ, მერე კი ჯარიმას იხდი და ირეგისტრირებ. ანუ მთავარი ამოსავალი ის კი არ არის, დადგინდეს, რამდენად შეიძლებოდა მიშენება-დაშენება კონკრეტულ ობიექტზე, არამედ ფინანსურად აგო პასუხი იმაზე, რომ სასურველი მშენებლობა მერიასთან წინასწარ არ შეათანხმე.
შედეგად, ასეთი საშიში მდგომარეობა საბჭოთა არქიტექტურის დროინდელ თითქმის ყველა საცხოვრებელ კორპუსზეა ბათუმში. როცა მიკროფონით ადგილობრივებს მივაკითხეთ, განცვიფრება თავადაც ჩვენთან ერთად გამოხატეს, თუმცა ყურადღების გადატანა მაინც სხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე სცადეს.
ჯავახიშვილის ქუჩაზე, ამ ერთ კონკრეტულ ცხრასართულიან კორპუსს მეათე სართული, ყოველგვარი ნებართვის გარეშე დაადგეს. ჩვენი ინკოგნიტო რესპოდენტი ამბობს, რომ ფაქტობრივად ერთ ღამეში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ არავის შეუსწავლია, გაუძლებს თუ არა გასულ საუკუნეში აგებული შენობა დამატებით ერთ სართულს, საჭირო იყო თუ არა საძირკვლის გამაგრება და სხვა.
ეს ოძელაშვილის ქუჩაზე მდგარი ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსია. ვიღაცამ გადაწყვიტა, აივანი მიიშენოს. აქვს თუ არა ნებართვა, არავინ იცის და როგორც ჩანს არც არავის აწუხებს, ან აწუხებს, მაგრამ მაინც ჩუმადაა. აქვე, უფრო უარესს სურათსაც ნახავთ, ისეთს, ნამდვილად ნაკლებად სავარაუდოს, რომ მშენებლობის ნება დართულია. ტროტუარი, ფაქტობრივად აღარ არის. სამეზობლო, ამაზეც სდუმს. მეპატრონეს კი ხმა, ღია კარშიც ვერ მივაწვდინეთ.
უკანონო მშენებლობები ბათუმში იშვიათი არ არის, შესაბამისად, არც ისეთი ადამიანების პოვნა გაგვჭირვებია, რომლებიც ერთხელ მაინც არ ყოფილან უკანონობის შემსწრეები, თუმცა მათგან არცერთს უთქვამს, რომ ამაზე ხმა ამოიღო და გამოსწორებაზე იზრუნა.
ქართული მენტალიტეტით, კანონის დაცვა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენა ცუდი ტონია, თუ არაკანონიერს ხედავ და ხმამაღლა ამბობ, მიმართავ შესაბამის ორგანოებს - დამბეზღებელი ხარ, თუმცა, თვალის დასახუჭად, მოქალაქეებს კიდევ ერთი არგუმენტი აქვთ.
სწორედ იმიტომ, რომ საბოლოოდ უკანონობა კანონდება და უსახური მიშენება, მერე უკვე საკუთრების ხელყოფად ითვლება, კორპუსები საშიში და უსახური თვიდან თვემდე ხდება. არის მეორე პრობლემაც. ნებართვები გაიცემა, თუმცა იმგვარ მშენებლობებზე, ძნელია დაიჯერო, რომ დაინტერესებულ პირს, პროექტზე ხელი მერიაში მოუწერეს.
ცხადია, ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსაურთან ბევრი კითხვა არსებობს. დავრეკეთ კიდევაც, თუმცა პასუხისმგებელი პირები კამერის წინ ვერ დავაყენეთ. პრეს-სამსახურში გვითხრეს, რომ ისინი ოთხი დღის წინ, კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ადამიანების გასვენებაში იყვნენ და ჩვენთვის დღის განმავლობაში ვერ მოიცლიდნენ.
პრობლემის გაშუქების სურვილი, ყველგან და ყველასგან დავინახეთ, სადაც დღეს მივედით, თუმცა ასევე თითქმის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილია, თავად კადრს მიღმა დარჩნენ და გამოწვევზე მათ მაგივრად ვინმე სხვამ ისაუბროს.