02, ნოემბერი 2021 11:38:00
ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტის პლენარულ სხდომებში მონაწილეობას წყვეტს. როგორც ერთ-ერთმა წევრმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, ფრაქცია წყვეტს მუშაობას პლენარულის სხდომების ფარგლებში, სანამ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა უზრუნველყოფილი არ იქნება.
"მიგვაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უფლების უზრუნველყოფა დღეს არის მთავარი ვალდებულება საქართველოს ხელისუფლების და შესაბამისად ჩვენთვის არის უკიდურესად შემაშფოთებელი ის დამოკიდებულება, რასაც დრეს ხელისუფლება ავლენს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით. ჩვენს ისტორიას აქვს ძალიან მძიმე გამოცდილება და ჩვენს ქვეყანას არ აქვს რესურსი, გადაიტანოს კიდევ ერთი ტრაგიკული შემთხვევა, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს და იმ ადამიანს, რომელმაც ძალიან უთანასწორო ბრძოლა გამოუცხადა რუსეთს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დასავლური მომავლის უზრუნველყოფის მიზნით", - განაცხადა სამადაშვილმა.