02, თებერვალი 2017 11:29:00
სამ საათიანი სამაშველო ოპერაციის შედეგად, 21 წლის ახალგაზრდის გადარჩენა მოხერხდა. ლადო გორგაძე ბეტონის ნანგრევების ქვეშ იყო მოყოლილი. მაშველებს შედარებით ნაკლები დრო დასჭირდათ ოჯახის სხვა წევრების გადასარჩენად. მათ შორის იყო ფეხმძიმე ქალიც.
ზედა განთიადში სახლის ნგრევას ვერ გადაურჩა 49 წლის მამაკაცი, რომელსაც, სავარაუდოდ ახლობლების თქმით, შემთხვევის დროს ეძინა. თვითმხილველები ვარაუდობენ, რომ სახლს საყრდენი ბოძი გამოეცა, რაც ნგრევის მიზეზი გახდა.
დაშავებულები ბათუმის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში მოათავსეს. ფეხმძიმე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობას ზაალ მიქელაძე ადგილზე გაეცნო. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, იგი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება, რაც შეეხება მკურნალობისთვის საჭირო ხარჯებს, მას სამინისტრო სრულად დაფარავს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისმხობს. სამაშველო ოპერაციაში აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს 60-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული.
გორგაძეების სახლთან მისასვლელი გზა დიდთოვლობის შემდეგ გაუწმენდავი იყო, რაც სატრანსპორტო საშუალებების გადადგილებას აფერხებდა. დაზარალელებულები განთიადში ორი წლის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან გადმოსახლდნენ. ჯერჯერობით უცნობია თუ რა სახის დახმარება გაეწევა ოჯახს, ვინაიდან ისინი აჭარაში რეგისტრირებულები არ არიან.