25, ნოემბერი 2017 21:27:00
- სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად 11 გარდაცვლილი ადამიანის გამო, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 ნოემბერი, საქართველოს ტერიტორიაზე გლოვის დღედ ცხადდება. საქართველოს მთავრობა, ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, აჭარაში, დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულობს გლოვობს. გლოვის დღეს, გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვება სახელმწიფო დროშები.
- ბოლო ინფორმაციით სასტუმრო ლეოგრანდთან ექსპერტ კრიმინალისტების ჯგუფი მუშაობს. მიმდინარეობს შემთხვევის ადგილის დათვალიერება და ნიმუშების ამოღება. ჩატარდა ცხედრების სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. აჭარის კრიმინალური პოლიციის უფროსის განცახდებით, მოწმის სახით ყველა საჭირო პირი დაიკითხება. სასტუმრო ლეოგრანდში გუშინ გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 დაიღუპა და 21 ადამიანი დაშავდა.
- საევაკუაციო კიბე, რომელიც სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობაშია, სახანძრო უსაფრთხოების მინიმალურ ნორმებსაც კი ვერ აკმაყოფილებდა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა. ნიკოლოზ სირაძის განმარტებით, მეხანძრე-მაშველებმა საგანგებო სიტუაციის დროს აღნიშნული კიბის გამოყენება ვერ შეძლეს. შსს-მ უკვე დაიწყო გამოძიება 243-ე მუხლით. სასტუმროს თანამშრომლების ნაწილი და თვითმხილველები კი აცხადებენ, რომ სასტუმროს საევაკუაციო კიბე აქვს და მისი გამოყენება ძლიერი დაკვამლიანების გამო ვერ მოხერხდა.
- ბათუმის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების უფროსის განმარტებით, მაშინ, როცა სასტუმრო „ლეო გრანდი“ ბათუმის მერიამ ექსპლუატაციაში მიიღო, არ მოქმედებდა რეგულაცია, რომლითაც მერია სახანძრო უსაფრთხოებას შეამოწმებდა, შესაბამისად, თვითმმართველობას აღნიშნული სასტუმრო არ შუემოწმებია. ირაკლი ახალაძის განმარტებით, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს მხოლოდ 2017 წლის პირველი იანვრიდან აქვს უფლება მშენებარე კომპანიას მოსთხოვოს პროექტში სახანძრო უსაფრთხოების გათვალისწინება.
- ბიზნესის მარტივად კეთებას საქართველოს მოქალაქეები არ უნდა ეწირებოდეს - ასეთი განცხადება გააკეთა საქართველოს პროფკავშირების თავმჯდომარემ სასტუმრო ლეოგრანდში მომხდარ ტრაგედიაზე. ირაკლი პეტრიაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში არაერთხელ დადგა დღის წესრიგში შესაბამისი კანონის მიღების აუცილებლობა და არსებული რეგულაციების გამკაცრება. თუმცა შედეგი ამ დრომდე ვერ მივიღეთ. პროფკავშირების ხელმძღვანელი საკითხის აქტუალობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ მომხდარი საფრთხეს უქმნის ტურიზმის განვითარებასაც.
- არამხოლოდ ბათუმში, არამედ სრულიად საქართველოს მასშტაბით ტექნიკური თვალსაზრისით გაუმართაობა და ამ თვალსაზრისით არანაირი მაკონტროლებელი ორგანიზაცია არ არსებობს - ამბობს პროფესიული კავშირების აჭარის რესპუბლიკური გაერთიანების ტექნიკური უსაფრთხოების ინსპექტორი. ლევან გურგენიძის განმარტებით, პირველადი ინფორმაციით, სასტუმრო ლეოგრანდში არ იყო სატანდარტების შესაბამისი საევაკუაციო კიბე. ხანძრის გაჩენის შედეგად ელექტრო-ენერგიაც გაითიშა, შესაბამისად სავინტილიაციო მილებიც აღარ ფუნქციონირებდა.
- სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილ ხანძარს აფასებენ მესამე სექტორში. „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორის არჩილ ხახუტაიშვილის თქმით, უსაფრთხოების ნორმები დიდიხანია მოუგვარებელია. ინვესტიციების მოზიდვის დროს სახელმწიფოს პრიორიტეტი ადამიანის უსაფრთხოება და ჯანმრთელობა უნდა იყოს. ამ მიმართულებით კი კონკრეტული ქმედებები უნდა განხორციელდეს. ასევე უნდა არსებობდეს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც მკაცრად უნდა განსაზღვრავდეს უსაფრთხოების ზომებს ნებისმიერ დაწესებულებაში.
- გამოძიების დასრულებას ელოდება უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. ნინო ჩხეტიას განმარტებით, აუცილებელია დაიდოს საბოლოო დასკვნა თუ რამ გამოიწვია ტრაგედია. იმ შემთხვევაში თუ მომხდარი სამართლებრივი რეგულაციების ჩარჩოში დგას, ნინო ჩხეტიას თქმით, აუცილებელია შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. თუმცა თუ გამოძიებამ აჩვენა, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზი არსებულ საკანონმდებლო რეგულაციაში არ არის, ამ შემთხვევაში შესაბამისმა ორგანოებმა უნდა შეცვალონ არსებული ვითარება და პრევენციის მიზნით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელებაზე დაიწყონ მუშაობა.
- სასტუმროს კაზინოს თანამშრომლები ცეცხლის განზრახ გაჩენის ვერსიაზე საუბრობენ. თუმცა კონკრეტულს ვერაფერს ასახელებენ. მათივე თქმით, ხანძარი სპა სალონში გაჩნდა. დაკვამლიანების შემდეგ მათივე ვერსიით განგაშის ზარი და ცეცხლჩამქრობი სისტემა ჩაირთო. მათ ხანძარს თავი სამაშველო ბრიგადების დააღწიეს.
- ამ დროისთვის სამედიცინო დაწესებულებებიდან ყველა პაციენტი გაწერილია. დაშავებულმა მოქალაქეებმა საავადმყოფოები უკვე დატოვეს. მანამდე ხანძრის შედეგად დაშავებულები საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, აჭარის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელებმა მოინახულეს. ონკოლოგიურ საავადმყოფოში გუშინ 2 დაშავებული მოათავსეს. 5 პაციენტი ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში იყო გადაყვანილი, მათ შორის ისრაელის 1 და თურქეთის 4 მოქალაქე.
- 12 ისრაელის მოქალაქეები, რომლებმაც ხანძრის დროს სასტუმროს დატოვება მოუხდათ, რამდენიმე საათის წინ მიეცათ უფლება ნომრიდან საკუთარი ნივთები ეტაპობრივად გამოეტანათ. ერთ-ერთმა ტურისტულმა კომპანიამ ისინი სხვადასხვა სასტუმროებში გადაანაწილა. ხანძრის დროს სასტუმრო ლეოგრანდში დაახლოებით 47 ისრაელის მოქალაქე იმყოფებოდა.
- ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდთან" მომხდარი ტრაგედიის ადგილზე, საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მიცვალებულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა. „მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია. საქართველოს ეკლესიის სახელით და პირველად ჩემი სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახებს, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, - განაცხადა პატრიარქმა.
- ,,ცეცხლის შედეგად თითქმის არავინ დაშავებულა, მოხდა დაკვამლიანება, რამაც სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანა“ - სასტუმრო ლეოგრანდში გაჩენილი ხანძრის შესახებ თვითმხილველები ყვებიან. მათი განმარტებით, ცეცხლი სპა-ცენტრში გაჩნდა, რის შემდეგაც გაითიშა ელექტრო-ენერგია.
- მთელი ღამის განმავლობაში მოვლენათა ეპიცენტრში იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველები, მეხანძრეები, ჟურნალისტები, დაღუპულების ახლობლები. ამ დრომდე უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით ცეცხლი თავდაპირველად საუნაში გაჩნდა. სასტუმრო ლეოგრანდის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე სატრანსპორტო მიმოსვლა შეზღუდულია. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და მობილიზებულია სამართალდამცაველები.
- შინაგან სამქეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ხანძრის სალიკვიდაციო და სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა: 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 120 მეხანძრე-მაშველი, ხანძარსაწინააღმდეგო და სამაშველო ტექნიკასთან ერთად, აჭარის, გურიის და სამეგრელოს რეგიონებიდან, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს 200-მდე თანამშრომელი. შემთხვევის ადგილზე, ასევე, მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები. ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს. პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 3 პაციენტი უკვე გაწერილია სამედიცინო დაწესებულებიდან, დანარჩენი პირები კი ბათუმის სხვადასხვა კლინიკაში არიან გადანაწილებული. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს 1 მეხანძრე-მაშველი.
- შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ მინისტრი. გიორგი კვირიკაშვილი სასტუმრო ლეოგრანდთან არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო. პრემიერ-მინისტრმა ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა.
- შეძრწუნებული ვარ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ადამიანების სიცოცხლე შეეწირა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი. „მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს. ხანძრის დროს დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მადლობას ვუხდი მაშველებს, მეხანძრეებს, ყველას ვინც უდიდესი რისკის ფასად, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეძლო. იმედს გამოვთქვამ, გამოძიება უსწრაფეს დროში დაადგენს ხანძრის გამომწვევ მიზეზებს“ ამბობს გიორგი მარგველაშვილი.
- აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს. ზურაბ პატარაძის განცხადებით, შესაბამისი ორგანოები ადგილზე იმყოფებიან და სიტუაციას სწავლობენ, ამიტომ იგი გამოძიების შედეგებს დაელოდება.
- ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ლეოგრანდი" 2015 წლის ზაფხულში გაიხსნა. როგორც მაშინდელი მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში იყო ნათქვამი, სასტუმროში, რომელშიც 40 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდა და 700 ადამიანი დასაქმდა, არის 180 ნომერი და მსოფლიო კლასის მომსახურება. მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსში განთავსებულია საპრეზიდენტო აპარტამენტები, საკონფერენციო დარბაზები, რესტორანი, კლუბი და სპაცენტრი.
Tags:
გაზიარება
4