04, თებერვალი 2017 11:15:00
მარი ბოლქვაძემ სამედიცინო დაწესებულებას კონსულტაციისთვის მიმართა. მას ჩივილები არ აქვს, თუმცა კიბოს დაავადების მხრივ, დღეს არსებულმა სტატისტიკამ კლინიკაში მისვლა გადააწყვეტინა. შესაბამისი გამოკვლევა მან „დროული დიაგნოსტიკა ჯანმრთელი სიცოცხლის საწინდარია“ - უფასო სამედიცინო აქციის ფარგლებში მიიღო.
დაწესებულებაში უფასო სამედიცინო მომსახურებით ათეულობით მაპიენტმა ისარგებლა, იყვნენ კმაყოფილი პაციენტები. თუმცა შეღავათი ზოგიერთი მათგანისთვის სასურველი არ აღმოჩნდა. პაციენტები არასათანადო მომსახურებაზე საუბრობენ. თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტი დიაგნოზის კვლევას მხოლოდ ათვისებიანი სიმსივნის მქონე პაციენტებს უტარებდა, რაც მოქალაქეების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. პრეტენზიებს კლინიკა „მედცენტრში“ უპასუხეს.
მსოფლიოს მასშტაბით ონკოლოგიური პათოლოგიების ზრდაზე საუბრობენ მედიკოსები, თუმცა მიაჩნიათ, რომ სტატისტიკა საგანგაშო არ არის. აჭარის რეგიონში მომატებულია პირველადი მიმართვიანობის შედეგად, გამოვლენილი ავთვისებიანი სიმსივნის შორს წასული ფორმები.
„სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება“ - ასე ჰქვია პროგრმას, რომელსაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. პროგრამის ერთ-ერთი კონპონენტი, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პირების, გეგმიური ოპერაციების თანადაფინანსებას ითვალისწინებს. სამინისტროში მუშაობს ასევე, „ონკოლოგიურ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც ძვირადღირებული სამედიცინო მომსახურებაა შესაძლებელი.
აჭარის მაღალმთიანეთში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი კი შემთხევათა ადრეული გამოვლენის მიზნით სპეციალურ კვლევებს ატარებს. პროგრამით გასულ წელს 1 635 ბენეფიციარმა ისარგებლა, საიდანაც 67%-ის ნახევარი კიბოს წინა დაავადებით დაფიქსირდა.
სქრინინგ პროგრამები აქვს ბათუმის მერიასაც. რაც შეეხება კიბოს დიაგნოზის მქონე პირების განახლებულ სტატისტიკას ამ ეტაპზე მონაცემები დაზუსტებული არ არის. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ზუსტი სტატისტიკა თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი.