ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

09, იანვარი 2017 12:53:00

გრიპისა და გრიპისმაგვარი ინფექციური დაავადებების გახშირებული გართულებების გამო, აჭარაში პოლიკლინიკები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. პირველადი ჯანდაცვის ცენტრები მოსახლეობას ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით დილის 9-დან 21-საათამდე მოემსახურება. პოლიკლინიკები და ამბულატორიები იმუშავებენ უქმეებზეც.  შაბათ-კვირას მოსახლეობას 10-დან 18 საათამდე მიიღებენ.  გაზრდილია მედჯგუფების რაოდენობაც. 

არის კიდევ ერთი სიახლე. დღეიდან პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ხველა, ტემპერატურა და ბრონქების გართულება, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფები აღარ მოემსახურება. ასეთ შემთხვევაში მსურველებმა ოჯახის ექიმს, ან პოლიკლინიკებს უნდა მიმართონ. შესაძლებელია ჯგუფის ბინაზე გამოძახებაც.

რაც შეეხება სტატისტიკას, მიმართვიანობა ყველა დონის სამედიცინო დაწესებულებებშია გაზრდილი. მაგალითად, ბათუმის  სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში რესპირატორულ გართულებებზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად შესული ზარების რაოდენობა თითქმის ასით გაიზარდა, მათ შორის მომრავლდა სტაციონარული მკურნალობის საჭიროების მქონე პაციენტების რაოდენობაც.

საკმარისია თუ არა საწოლების რაოდენობა საავადმყოფოებში? -  როგორც ჩვენი რესპოდენტები მბობენ, სიმრავლის გამო პაციენტების მიღება უჭირთ, თუმცა სამინისტროში ფაქტს უარყოფენ.

საგანგებო რეჟიმში პირველადი ჯანდაცვის ცენტრები ორი კვირის განმავლობაში იმუშავებენ, თუმცა საჭიროების მიხედვით, შესაძლოა ეს პერიოდი გახანგრძლივდეს. 


დღის ამბები