10, იანვარი 2017 11:15:00
უკვე 10 დღეა, ხორცისა და ხორცპროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ამოქმედდა, თუმცა სავალდებულო ეტიკეტირების წესი დაცული ბევრგან ჯერ კიდევ არ არის. აგრარული ბაზარი ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო ობიექტია, სადაც სავალდებულო ეტიკეტებს გასაყიდ პროდუქტზე ვერ ნახავთ. მოვაჭრეების ნაწილი ფიქრობს, რომ მათი დახლები თავისთავად ბრენდია და ეს სრულებით საკმარისია.
თუ მყიდველი ხორცის წარმომავლობით, წარმოების ვადით, დამზადების ადგილით ან სხვა ინფორმაციით დაინტერესდება, მოვაჭრეების თქმით, ბაზრის საწყობის გამგეს უნდა მიმართონ.
აღმოჩნდა, რომ ათი დღის წინ ძალაში შესული რეგულაციის აგრარულ ბაზარში ამოქმედებას ხელი სპეციალური ფირნიშების არქონამ შეუშალა. დაფის შეძენა, რომელზეც პროდუქტის შესახებ ინფორმაცია უნდა განთავსდეს, მხოლოდ დღეს შეძლეს. ფიქრობენ, რომ დანაწევრებულ ხორცზე ერთი საერთო ფირნიში ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს და თითოეულ დაფასოებაზე ახალი ეტიკეტი საჭირო არ უნდა იყოს.
ტექნიკური რეგლამენტი ვერც ქათმების სექციაში ვიპოვეთ. აქ პროდუქტს მხოლოდ ბეჭედი აქვს, თანაც ისეთი, რომ არ იკითხება. როგორ გავიგოთ, ახალია თუ არა და უვნებელი ქათამი? - ხრიკებს თავად მოვაჭრეები გვასწავლიან. თუ ამ ბეჭდს ვერ ენდობით, მაშინ მცირე ოპერაციის ჩატარება უნდა მოითხოვოთ.
მდგომარეობა ანალოგიურია სუპერმარკეტებშიც. საჯაროდ ვერ საუბრობენ, თუმცა აღიარებენ, რომ მოთხოვნების სისრულეში მოყვანა ჯერ ვერ შეძლეს. სიახლისთვის მზად არც საზოგადოებაა და როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, მსგავსი დოკუმენტების არსებობას ყურადღებას არ აქცევენ.
რამდენად გაითვალიწინეს ხორცისა და ხორცპროდუქტების მწარმოებლებმა და მოვაჭრეებმა ეტიკეტირების წესი, ამოწმებს თუ არა არსებულ მდგომარეობას სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო, უწყებაში პირველი შედეგების გამოქვეყნებას იანვრის ბოლოსთვის გეგმავენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ამოქმედებული ხორცის ეტიკეტირების ტექნიკური რეგლამენტი, ფორმა 2-ის გარდა, პროდუქტზე ისეთი ინფორმაციის არსებობას გულისხმობს, როგორიცაა კავშირის დადგენა ხორცსა და ცოცხალ ცხოველს შორის, დამზადების ადგილისა და დროის იდენტიფიცირება, ასევე შემცველობა და სხვა.