10, იანვარი 2017 11:17:00
გასულ წელს გიორგი ერმაკოვმა საკუთარი თავი ორჯერ - აპრილსა და აგვისტოში წაახალისა და ბიუჯეტიდან პრემიის სახით 5500 ლარი აიღო. რა დამსახურებისთვის? - კითხვაზე პასუხის გაცემა ქალაქის მერს არ სურს. პრემიაზე არა, თუმცა ყოველთვიურ დანამატზე ერმაკოვმა უარი თქვა.
ზემდგომისგან განსხვავებით, დანამატზე, ისევე როგორც პრემიაზე, უარი არ უთქვამთ ვიცე-მერსა და მერის მოადგილეს. ბაგრატ მანველიძემ, 2016 წელს, 11 თვის განმავლობაში დანამატის სახით 16 555 ლარი აიღო, ამას ემატება 2-ჯერ მიღებული პრემია 4300 ლარის ოდენობით. ვიცე-მერის მსგავსად, ყოველთვიურად იღებდა დანამატს მერის მოადგილეც, ჯამში ალექსანდრე მითაიშვილმა ბიუჯეტიდან, დანამატის სახით, 15 787 ლარის სარგებელი მიიღო. იგი, ასევე, წახალისდა 4 100 ლარით. რისთვის დაიმსახურეს დანამატები და პრემიები, რა მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელეს ? - ხელმძღვანელის მსგავსად, როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, კომენტარი ვერც აღნიშნული პირებისგან მოვიპოვეთ.
ოპოზიცია ქალაქის მერის, ვიცე-მერისა და მერის მოადგილის საქმიანობას იწუნებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიაჩნიათ, რომ ქალაქის განვითარებისთვის არაფერი კეთდება, შესაბამისად, პრემია-დანამატები მერიაში დამსახურების გარეშე გაიცემა.
გარდა მაღალი თანამდებობის პირებისა, პრემიები და დანამატები გაიცა მერიაში დასაქმებულ 273 პირზე. 2016 წელს თანამშრომლებმა 1 171 914 ლარის დანამატი მიიღეს. ასევე, ნოემბრის ჩათვლით, ისინი 5-ჯერ წახალისდნენ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 630 681 ლარი დაიხარჯა. მონაცემებს მესამე სექტორში აფასებენ და პრემია-დანამატების მანკიერ მხარეებზე საუბობენ.
მერიის საპრემიო პოლიტიკაზე განმარტება საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ გააკეთა. არჩილ ვანაძემ განმარტა, რა პრინციპით გაიცემა უწყებაში პრემიები და დანამატები. აქვე აღნიშნა, რომ საპრემიო პოლიტიკის გადახედვა იგეგმება.
გაიცა თუ არა მერიაში საახალწლო პრემია - ჩვენთვის უცნობია. საჯარო ინფორმაციაში, რომელიც 11 თვის მონაცემებს მოიცავს, დეკემბრის თვეში გაცემული პრემიისა და დანამატის თანხის ოდენობა არ შედის. რაც შეეხება მიმდინარე წელს, მერიის შრომის ანაზღაურების ფონდი 5 181 700 ლარს შეაგდენს.