17, თებერვალი 2017 17:27:00
გარესამყაროს მოწყვეტილი სოფლები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტები, შეწყვეტილი მეცადინეობა ბაღებსა და სკოლებში. ასეთი სურათია ხულოს მუნიციპალიტეტში ორდღიანი უამინდობის შემდეგ. დღის მეორე ნახევარში გამოიდარა, თუმცა დიდთოვლობისაგან გამოწვეული პრობლემები კვლავ გადაუჭრელია. მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფორმაციით, დილიდან ავარიულად გაითიშა დიდაჭარისა და ირემაძეების 200მდე აბონენტი. შეფერხებებია საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც. აღსაზრდელების გამოუცხადებლობის გამო მეცადინეობა მხოლოდ კვატიის საბავშვო ბაღში მიმდინარეობს. სასწავლო პროცესი ასევე ჩაიშალა ექვს საჯარო სკოლაში. მოქალაქეები ცენტრალურ მაგისტრალამდე ფეხით გადაადგილდებიან.