19, თებერვალი 2017 20:22:00
პუშკინის ქუჩაზე მცხოვრებლები ბათუმის მერიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჭიანურდება. უფრო მეტიც, მოსახლეობა მიიჩნევს, რომ მიწისქვეშა საკომუნიკაციო სამუშაოები არასწორად ხორციელდება.
აქ მდგომარეობა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში მძიმდება. შედეგად გადაადგილება უჭირთ ავტომობილებს და ქვეითებს. პრობლემაზე საუბრობენ სავაჭრო ობიექტების მფლობელებიც, რომლებიც შესაბამის სამსახურებს სამუშაოების დაჩქარებისაკენ მოუწოდებენ.
თემასთან დაკავშირებით დღეს ბათუმის მერიაში კომენტარი არ გააკეთეს. პირად საუბარში კი განაცხადეს, რომ პუშკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები უამინდობის გამო იყო შეფერხებული. უწყების პრესცენტრის ცნობით, გეგმის მიხედვით, ქუჩის მოწესრიგება ორ თვეში უნდა დასრულდეს.