19, თებერვალი 2017 20:18:00
წვიმიანი ამინდი იმისთვის, რომ დაზიანებულ ქოლგებს შეკეთება დასჭირდეს. მზიანი ამინდი იმისთვის, რომ ხელოსანი ილია ხრიმიანი ჩვეულ ადგილზე მივიდეს და ქოლგები შეაკეთოს.
67 წლის ხელოსანი 25 წელია, რაც ამ საქმიანობით არის დაკავებული. სამსახურის დაკარგვის შემდეგ ქოლგების შეკეთება დაიწყო. ამბობს, რომ ეს მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყაროა.
ხელოსანი ქოლგების გარდა, სხვა აქსესუარებსაც აკეთებს და ყიდის. მიუხედავად მწირი ფინანსებისა, მას ყველა საჭირო ხელსაწყო აქვს.
ხშირად სამუშაო დღე ისე სრულდება პურის ფულსაც ვერ აგროვებს და სახლში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ცოლი ელოდება, ხელცარიელი ბრუნდება.
ქოლგების ბაბუს ყველა მზიან ამინდში ბათუმელები აბუსელიძისა და გრიბოედოვის ქუჩების კვეთაში არსებულ სკვერში შეხვდებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, იგი აქ მხოლოდ 5 საათი ჩერდება. შემდომ კი სახლისაკენ საკუთარი ხელით გაკეთებულ ურიკასთან ერთად მიეშურება.