23, ივნისი 2018 20:08:00
სოფელ ქვედა ჯოჭოში მცხოვრები ბარამიძეების ოჯახი დახმარებას ითხოვს. ხის ქოხი სადაც ისინი 30 წლის განმავლობაში ცხოვრობენ, სიცოცხლისთვის სახიფათოა. ფიცრული დანგრევის პირასაა. ამბობენ, რომ ძლიერი ქარის დროს სახლის დაცლა უხდებათ. როგორც ბარამიძეები ამბობენ, ხელვაჩაურის მერიას დახმარებისთვის არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. ოჯახი სოციალურად დაუცველია და ირწმუნებიან, რომ მათი ყოველთვიური საარსებო წყარო, მხოლოდ 70 ლარს შეადგენს. ბარამიძეების სამსულიან ოჯახში, ერთი მცირეწლოვანია და მას გულის დაავადება აქვს. ოჯახი დღეს „ევროპული საქართველო“-ს ხელვაჩაურის ორგანიზაციის წევრებმა მოინახულეს და ადგილობრივ ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდეს. ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე აცხადებს, რომ სოციალური სახლი, სადაც ბარამიძეები ითხოვენ შესახლებას, ეკომიგრანტებისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო იმ ოჯახებისთვის, რომელთაც სიძველისგან ამორტიზებული სახლების გამო სჭირდებათ დახმარება, მუნიციპალიტეტი ჯერჯერობით მხოლოდ პროექტზე მუშაობს.