30, ივნისი 2018 20:47:00
სასუნთქი გზების დაავადებების დიაგნოსტიკასა და მისი მკურნალობის ახალ მეთოდებზე სპეციალისტები ბათუმში მესამე დღეა მსჯელობენ. მეექვსე საერთაშორისო კონგრესის დასკვნითი სესიის მთავარი თემა ბრონქული ასთმა და ფილტვების ქრონიკული დაავადებები გახლდათ. მოხსენებით წარსდგა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი. ამირან გამყრელიძემ გლობალურ და ადგილობრივ დონეზე არაგადამდები დაავადებების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, სიკვდილიანობის სტატისტიკასა და ამ ტიპის დაავადებებთან ბრძოლის საქართველოს სტრატეგიაზე გააკეთა აქცენტი. კონგრესში 30 ქვეყნის 1 100 დელეგატი მონაწილეობდა. ღონისძიების ფარგლებში, 24 სიმპოზიუმი ჩატარდა.