04, ივლისი 2018 14:08:00
ახლა კი გავიხსენოთ ზურაბ პატარაძის 2 წლიანი თავმჯდომარეობის პერიოდში განვითარებული მოვლენები და რეგიონის პირველი პირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. პატარაძის მმართველობის პერიოდს უკავშირდება 11-12 მარტის მოვლენები. შედეგად ქალაქში ათობით ადამიანი დაშავდა, 10-მდე ავტომობილი დაიწვა, დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. მისივე მმართველობის პერიოდში სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ცეცხლი გაჩნდა სასტუმრო ლეოგრანდი, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა. ზურაბ პატარაძეს მოთხოვნით მიმართავდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები ძველ ბათუმში მშენებლობებზე მორატორიუმის გამოცხადების და ბულვარის კონსერვაციის მიზნით, თუმცა არაერთი შეხვედრის მიუხედავად პატარაძემ მათი მოთხოვნები არ გაითვალისწინა. ასევე შეგახსენებთ მუსლიმი თემის მოთხოვნას მეჩეთის მშენებლობის შესახებ, თუმცა ზურაბ პატარაძის არაერთი დაპირების მიხედვით, ამ მიმართულებით კონკრეტული შედეგი დღემდე არ დამდგარა. პატარაძის თავმჯდომარეობის პერიოდში აქტურად მიმდინარეობდა ხეების გადატანის პროცესი, რა დროსაც ხდებოდა ქარსაცავი ზოლის გაჩეხვა. ზურაბ პატარაძის მმართველობის პერიოდში დაიწყო მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება, კურორტ გოდერძიზე ინვესტიციების განხორციელება, სტადიონის და ესტაკადის მშენებლობა, ალპური ბოტანიკური ბაღის მოწყობა. გაიხსნა კურორტი გომარდული.