12, ივლისი 2018 20:03:00
ბათუმის ბულვარში მდებარე კაფე „ფანტაზია“, ე.წ. „რვაფეხა“ მიმდინარე ტურისტულ სეზონზე აღარ გაიხსნება. რესტავრატორები ამბობენ, რომ ობიექტი სპეციფიკურ მუშაობას მოითხოვს და სამუშაოები რთული შესასრულებელია. ამ ეტაპზე შენობის ფასადის დამუშავება და ფიგურებზე მოზაიკის დამაგრება მიმდინარეობს. ობიექტის რეაბილიტაცია 2019 წელს დასრულდება და ექსპლუატაციაში მომდევნო საკურორტო სეზონზე შევა. ე.წ. „რვაფეხას“ რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისში დაიწყო. პროექტის მიხედვით, ქალაქის ერთ-ერთი სიმბოლო ძველ იერსახეს დაიბრუნებს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, „რვაფეხა“ სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება. რა ფუნქციას შეიძენს რესტავრირებული შენობა, ამ დროისთვის გადაწყვეტილება მიღებული არ არის.