30, აგვისტო 2018 20:36:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო მძღოლებს მიმართავს. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს გადაამოწმონ მათი საკონტაქტო მონაცემების ვალიდურობა, რათა დროულად მიიღონ ვიდეოჯარიმების შესახებ ინფორმაცია. ამის შესახებ უწყების ერთობლივი ოპერაციების ცენტრის დირექტორმა გიორგი ასროშვილმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, რეგისტრაციის ადგილის ან მობილური ტელეფონის ნომრის შეცვლის შემთხვევაში, მძღოლებმა დროულად უნდა უზრუნველყონ სისტემაში მონაცემების განახლება, რისი განხორციელებაც შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში ან საპატრულო პოლიციის მომსახურების ერთიან ცენტრში. შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 536 ჭკვიანი ვიდეოკამერა, მათ შორის, სიჩქარის მზომი სექციური რადარები. წლის ბოლომდე, დაგეგმილია დამატებით ათას 200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.